გერმანული ARD-ის ჟურნალისტური გამოძიება: როგორ იქცა საქართველო კრიპტოინდუსტრიის მნიშვნელოვან ჰაბად
საქართველო კრიპტოინდუსტრიის ჰაბი
“კრიპტო ომი – როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით” — ამ სათაურით აქვეყნებს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ARD 45-წუთიან ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც საქართველო წარმოდგენილია, როგორც კრიპტოვალუტის მაინინგის მნიშვნელოვანი ჰაბი და სავარაუდო ტრანზიტული ზონა, რომელსაც, ავტორების შეფასებით, რუსეთი დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიტკოინის წარმოებასა და იმ კრიპტოსისტემებს, რომლებიც, ჟურნალისტების თქმით, რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ შეზღუდვებთან ადაპტირების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველო, როგორც კრიპტოინდუსტრიისთვის ხელსაყრელი გარემო
გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კრიპტოინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი საკანონმდებლო და საგადასახადო გარემო. მათი შეფასებით, ეს პროცესები მჭიდროდ უკავშირდება “ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პერიოდში მიღებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც ქვეყანა კრიპტოვალუტის ერთ-ერთ „რუხ ზონად“ ჩამოყალიბდა.
ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფოთისა და რუსთავის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. ჟურნალისტების ვერსიით, რუსეთი სანქციების გამო ევროპულ ბაზარზე ვეღარ ყიდის ბუნებრივ გაზს იმ მოცულობით, როგორც ადრე, რის გამოც ამ გაზის ნაწილი იაფი ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება. მათი მტკიცებით, სწორედ ამ ელექტროენერგიით მუშაობს მასშტაბური ბიტკოინის მაინინგის ინფრასტრუქტურა, რომლის საბოლოო ფინანსური სარგებელი რუსეთის ინტერესებს ემსახურება.
გერმანელი ჟურნალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში თავად იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით დაათვალიერეს კრიპტომაინინგის ობიექტები, მათ შორის რუსთავის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ინფრასტრუქტურა.
გამომძიებელი ჟურნალისტები: სანქციების გვერდის ავლისთვის კრიპტოვალუტა გამოიყენება
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი ფაქტის“ დამფუძნებელი, ნინო ბაქრაძე, ფილმში აცხადებს, რომ რუსეთი სრულად მოწყვეტილი არ არის საერთაშორისო ფინანსურ სისტემას და ანგარიშსწორებისთვის სულ უფრო აქტიურად იყენებს კრიპტოვალუტას.

მისი თქმით, “აი ფაქტმა“ გამოიძია ორმაგი დანიშნულების საქონლის რუსეთში ექსპორტის საკითხი და ჩაატარა ფარული ექსპერიმენტი. ორგანიზაცია დაუკავშირდა რუსულ სავაჭრო კომპანიას და ჰკითხა, შეძლებდნენ თუ არა დაახლოებით 30 დრონის რუსეთში გაგზავნას. ბაქრაძის თქმით, კომპანიამ უპასუხა, რომ მსგავსი მიწოდება შესაძლებელია და, მიუხედავად სანქციებთან დაკავშირებული რისკებისა, მსგავსი ოპერაციები წარსულშიც არაერთხელ განუხორციელებიათ.
მისივე განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზნით მსგავსი კომპანიები ანგარიშსწორებისთვის სწორედ კრიპტოვალუტას იყენებენ, რაც, მისი შეფასებით, დასავლეთისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
“საქართველოში ბიტკოინის მოპოვება მომგებიანია”
ფილმში ადგილობრივი მაინერი ნიკოლოზ მუსერიძეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ბიტკოინის მოპოვების მთავარი უპირატესობა შედარებით იაფი ელექტროენერგიაა.

მუსერიძის განმარტებით, მისი მაინინგ-ფერმა საათში დაახლოებით 2 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს. მისი შეფასებით, ასეთი სიმძლავრით ერთი ბიტკოინის მოპოვებას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება, ხოლო ერთი ბიტკოინის წარმოების ღირებულება საქართველოში დაახლოებით 30–40 ათას დოლარს შეადგენს.
მისივე თქმით, ბიტკოინი წარმოადგენს “ფულს საზღვრების გარეშე“, რომლის გადარიცხვაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი და რომლის დაბლოკვაც ან გაყინვაც, მისი თქმით, შეუძლებელია.