საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
გაზიარება
გაზიარება
კრიპტოვალუტის გათეთრების საქმე
საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში მონაწილეობდნენ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, რომელშიც საქართველოს პროკურატურის, აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა განაცხადა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ისინი 10 ივნისს აჭარაში აიყვანეს.
მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ოპერაცია საქართველოს პროკურატურის, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა.
ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, ხოლო ყადაღა დაედო 173 სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, რომლებიც, გამოძიების შეფასებით, შესაძლოა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ყოფილიყო შეძენილი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც ფსევდონიმით “AudiA6“ იყო ცნობილი და 2022 წლიდან მოქმედებდა. გამოძიების თანახმად, ჯგუფი კიბერდამნაშავეებსა და სხვა კრიმინალურ ქსელებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრების მომსახურებას სთავაზობდა და ამ გზით სამართალდამცავი ორგანოებისთვის ფინანსური კვალის დაფარვას უზრუნველყოფდა.
უწყების განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ 2022-2025 წლებში ჯგუფის წევრებმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრეს.
გამოძიების ვერსიით, ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს “Dark2Web“, რომელიც უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი კიბერდამნაშავეების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის გამოიყენებოდა.
ოპერაციაში, რომელიც ევროჯასტისა და ევროპოლის მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოს, პოლონეთისა და აშშ-ის სამართალდამცავი უწყებების დაახლოებით 100 თანამშრომელი მონაწილეობდა.
საქართველოს პროკურატურამ ოპერაციაში ჩართულ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.