სამხარაძე: ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დიალოგის განახლების საკითხი დააყენოს
გაზიარება
გაზიარება
გამჭვირვალობის კანონი
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის ევროკავშირთან “გამჭვირვალობის კანონზეც” ისაუბროს, რომელმაც ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუარესება და დიალოგის შეჩერება გამოიწვია.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიასთან დააყენოს საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხი. მისი თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რომლებიც მხარეებს შორის უთანხმოების საგნად იქცა.
სამხარაძის თქმით, ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პრობლემები, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული უსაფრთხოება და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან გამომდინარე გამოწვევები.
მისი განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ლუქსემბურგელ პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ისე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს როლზე რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით.
სამხარაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრები გაიმართა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც თბილისმა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
“ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაგრძელებლად. მზად ვართ ასევე კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების ფორმალური მიზეზი“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, ლუქსემბურგის მხარე საქართველოს პოზიციას “კონსტრუქციულად“ მოეკიდა, ხოლო თბილისი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განხილვებისას საქართველოსთან დიალოგის განახლების მხარდაჭერას გამოხატავს.