"უფლებრივი სეგრეგაცია“ - ბრიუსელის ახალმა ინიციატივამ თბილისში მწვავე პროტესტი გამოიწვია
ბრიუსელის ახალი ინიციატივა
ბრიუსელის მიერ მომზადებულმა ახალმა ინიციატივამ, რომელიც ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვასა და “დამცავი მექანიზმების“ შემოღებას გულისხმობს, თბილისში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბლოკი “უფლებრივ სეგრეგაციაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მსგავსი პირობებით გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა განმარტა, რომ რეფორმა მიზნად ისახავს ბლოკის დაცვას ახალი წევრების მხრიდან შესაძლო დემოკრატიული უკუსვლისაგან და არა მათ დისკრიმინაციას, თუმცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეს ნაბიჯი საბჭოთა კავშირის მოდელს შეადარა.
რა მოხდა
ბრიუსელში მიმდინარე დებატები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 15 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა გაწევრების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებმა მარტა კოსს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ალიანსი იმის უზრუნველყოფას, რომ მომავალმა წევრებმა, მათ შორის უკრაინამ, ვეტოს უფლების ბოროტად არ ისარგებლონ და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პარალიზება არ მოახდინონ.
ევროკომისარმა დაადასტურა, რომ მონტენეგროსთან და შემდგომ ქვეყნებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებები “ახალი თაობის“ დოკუმენტები იქნება.
“ჩვენ გვექნება დამცავი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ახალი წევრები ევროპულ წესებს გაწევრიანებიდან 5, 10 ან 15 წლის შემდეგაც დაიცავენ. თუ ახალი წევრი სახელმწიფო წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება. მაგრამ თუ არ დაიცავს, ეს მექანიზმები ძალიან მკაცრად ამოქმედდება“. – განაცხადა კოსმა.
გამოხმაურება საქართველოში
საქართველოში ამ განცხადებას მყისიერი და აგრესიული რიტორიკით უპასუხეს. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირს “პირველხარისხოვან“ და “მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს.
“პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს. ჩვენ უკვე გვაქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც არ ვაპირებთ.
მე ვეცნობი ქართველი ხალხის შეფასებას ჩვენ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ასევე ქართული ეკლესიის შეფასებას ჩვენს ზოგიერთ კანონთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის პოზიცია ვნახეთ ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით, რომ არათუ ეს კანონები უნდა შეიცვალოს და გაუქმდეს, არამედ, პირიქით, უნდა გაფართოვდეს და განმტკიცდეს.
როდესაც ჩვენ გვაქვს არჩევანი, დავუჯეროთ ბრიუსელს თუ საქართველოს ეკლესიას, ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ეკლესიას. შეიძლება ეს ბრიუსელს სწყინს, მაგრამ ცივი წყალი დალიოს, ვისაც ეს სწყინს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის მაგალითი
ბრიუსელში ფიქრობენ, რომ რეფორმები გარდაუვალია, რაც მეტწილად უნგრეთის მრავალწლიანი გამოცდილებით არის განპირობებული. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველობისას, ბუდაპეშტმა არაერთხელ გამოიყენა ვეტო უკრაინის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაბლოკად, რის გამოც ევროკავშირს მისი ფინანსური ფონდების გაყინვა მოუწია. პარიზი და ბერლინი დიდი ხანია დაჟინებით მოითხოვენ, რომ გაფართოებას თან ახლდეს მექანიზმები, რომლებიც “მეორე უნგრეთის“ გაჩენას გამორიცხავს.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ალიანსის ლიდერებს ალტერნატიული იდეა შესთავაზა: უკრაინისთვის “ასოცირებული წევრობის“ სტატუსის მინიჭება, რაც ბლოკის ინსტიტუტებში ხმის უფლების გარეშე წარმომადგენლობას გულისხმობს.
თუმცა, ამ იდეას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ისე თავად ევროკომისარი მარტა კოსი. კოსის განცხადებით, არ არსებობს “ნახევარი წევრობა“ და სრული ინტეგრაცია ყველა კრიტერიუმის შესრულების შემდეგ მოხდება.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში პეტერ მადიარი მოვიდა, რამაც ბუდაპეშტის მკაცრი პოზიცია შეარბილა და ბლოკს წინსვლის საშუალება მისცა.