მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოში: რუსეთი ანექსიას აგრძელებს, დასავლეთი კი ორმაგ სტანდარტებს იყენებს
გაზიარება
გაზიარება
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოში
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე გამოსვლისას “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული ახალი შეთანხმებასაქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა და პარალელურად დასავლელი პარტნიორები პროსამთავრობო არხების დასანქცირებისთვის ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
ბოჭორიშვილის თქმით, 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში ხელმოწერილი ე.წ. “მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს უგულებელყოფს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკუთარ პოლიტიკურ და სამხედრო სივრცეში უფრო ღრმად ინტეგრაციას ცდილობს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე უკვე არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტანციას აქვს დადასტურებული, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მოსკოვი აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.
ბოჭორიშვილმა გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტსაც დაუკავშირა და თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოება შეუძლებელია, თუ საერთაშორისო სამართალი “შერჩევითად“ იმოქმედებს და ოკუპაცია დროთა განმავლობაში “ახალ ნორმად“ გადაიქცევა.
“ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა არ არის; ეს პასუხისმგებლობაა საკუთარი საზოგადოების, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე.“ – თქვა ბოჭორიშვილმა.
თუმცა მინისტრის გამოსვლა მხოლოდ რუსეთის პოლიტიკის კრიტიკით არ შემოიფარგლა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქართული ტელეკომპანიების, “იმედის“, “რუსთავი 2“-ისა და POSTV-ის ჟურნალისტებს ქვეყანაში შესვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარი უთხრეს.
ბოჭორიშვილმა ეს გადაწყვეტილება მედიის თავისუფლების “შერჩევით ინტერპრეტაციად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი წინააღმდეგობაში მოდის იმ პოლიტიკურ დამოკიდებულებასთან, რომელსაც, მისი შეფასებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ავლენენ.
მისი თქმით, “თვალთმაქცობაა“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარი და იმ პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამავე კონტექსტში მან გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ და თქვა, რომ “ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ დეკლარირება შეუთავსებელია ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან “დემონსტრაციულ გაუცხოებასთან“.