ევროპარლამენტარები იმედის, რ2-ის და POSTV-ს დასანქცირებას ითხოვენ — რა წერია შესწორებებში
ტელევიზიების სანქციები
ევროპარლამენტი 5 მაისს კენჭს უყრის საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშს, რომლის ფარგლებში დეპუტატები განიხილავენ არა მხოლოდ ძირითად დოკუმენტს, არამედ მასზე დატანილ შესწორებებსაც, მათ შორის ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს რამდენიმე მსხვილი პროსამთავრობო ტელემაუწყებლის სანქცირებას ეხება.
ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული, 19 მარტით დათარიღებული შესწორებების მიხედვით, ევროპარლამენტართა ნაწილი მოითხოვს TV იმედის, რუსთავი 2-ისა და POSTV-ს წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესებას. დოკუმენტში ეს არხები აღწერილია როგორც “ქართული ოცნების“ ხელისუფლების “დე ფაქტო საკომუნიკაციო ფრთა“, რომელსაც ბრალი ედება დეზინფორმაციის სისტემატურ გავრცელებაში, ცილისმწამებელ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდაში.
ანგარიშის ტექსტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო შეტევებს. დოკუმენტი გმობს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ოფიციალური პირების, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ “დამამცირებელ ნარატივებსა“ და “მანიპულაციურ რეპორტაჟებს“, რომლებიც, შეფასების მიხედვით, მიზნად ისახავს ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შელახვას.
ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად და, შესაბამისად, ვერ სარგებლობს მედიის თავისუფლების დაცვის მექანიზმებით. დოკუმენტის თანახმად, მსგავსი ქმედებები უფრო მეტად წარმოადგენს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებას და ქვეყნის ევროპული კურსისგან გადახრას.
ანგარიში ამ კონტექსტში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსსაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ქვეყანამ ამ სტატუსის მიღებით იკისრა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეზინფორმაციული კამპანიები და მედიის პლურალიზმის შეზღუდვა აზიანებს დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს.
ერთ-ერთი შესწორება ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, განიხილონ “შესაფერისი და პროპორციული“ სანქციების დაწესება იმ პირებისა და სუბიექტების მიმართ, რომლებიც ამ კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე არიან პასუხისმგებელი. საუბარია, მათ შორის, ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის გამოყენებაზე, თუ მსგავსი ქმედებები გაგრძელდება.
ცალკე, 125-ე შესწორება ითვალისწინებს სანქციების შესაძლო გაფართოებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებზეც, ასევე იმედი TV-ისა და POSTV-ის იმ პირებზე, რომლებიც, ტექსტის მიხედვით, პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ “განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის“ გავრცელებაზე.
დოკუმენტი ასევე მიუთითებს გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უკვე დააწესა სანქციები აღნიშნული მაუწყებლების წინააღმდეგ და ევროკავშირს მოუწოდებს, გადახედოს ამ მედიასაშუალებების აკრედიტაციას ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე განიხილოს მსგავსი ზომების მიღება წევრ სახელმწიფოებში.