კაია კალასი: საქართველო არის მკაფიო შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი წარმატებას აღწევს
გაზიარება
გაზიარება
კაია კალასი საქართველო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება აღარ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ როგორც ბიუროკრატიული ან ტექნიკური პროცესი. მისი თქმით, ეს არის პირდაპირი სტრატეგიული პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც კონტინენტი დგას.
კალასი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოზე, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მისი თქმით, ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, თუმცა პოლიტიკური გარემო და სამოქალაქო სივრცის მდგომარეობა, მისი შეფასებით, საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. ამის შესახებ კალასმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” ისაუბრა.
კაია კალასი: რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში დაამსხვრია ილუზია იმის შესახებ, რომ ევროპის უსაფრთხოება თავისთავად მოცემულობად შეიძლება მივიჩნიოთ. ჰიბრიდული თავდასხმები, დეზინფორმაცია, ენერგეტიკული იძულება და ზეწოლა ჩვენს საზღვრებზე – ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გაფართოება არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი. ეს არის სტრატეგიული პასუხი. ჩვენ უკვე ვხედავთ უმოქმედობის შედეგებს.
შეხედეთ საქართველოს. ქვეყანას, რომლის ხალხსაც უმრავლესობით სურს ევროპული მომავალი, თუმცა მისი ხელმძღვანელობა ზღუდავს პოლიტიკურ გამოხატვას და ავიწროებს სამოქალაქო სივრცეს. საქართველო ასევე არის მკაფიო შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი წარმატებას აღწევს – როდესაც ქვეყანა რჩება “რუხ ზონაში“, დაუცველი იძულებისა და დემოკრატიული უკუსვლის წინაშე. გაფართოება სხვა სახელით წოდებული უსაფრთხოების პოლიტიკაა. მოდით, ეს მივუსადაგოთ ჩვენს ამჟამინდელ კანდიდატ ქვეყნებს.
კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ რეფორმები, განსაკუთრებით ფუნდამენტურ საკითხებში: კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და კორუფციასთან ბრძოლა. როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც ეს გზა გაიარა, გეტყვით, რომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების შესრულება.
საქმე ეხება ქვეყნის კეთილდღეობას. რადგან, თუ კომპანიები ენდობიან თქვენი ქვეყნის სამართლებრივ სისტემას, ისინი ასევე ენდობიან და ჩადებენ ინვესტიციებს თქვენს ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას ხალხისთვის. ბოლოჯერ გაფართოების ფანჯარა 13 წლის წინ იყო ღია, თუმცა შემდეგ ისევ დაიხურა.
ახლა ეს ფანჯარა კვლავ ფართოდ არის გახსნილი, მაგრამ უკვე ვხედავთ ნიშნებს, რომ ის ნელ-ნელა ისევ იხურება. ჩვენ ნამდვილად, მთელი ძალისხმევით უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა 2030 წლისთვის ახალი ქვეყნების გაწევრიანება რეალისტურ მიზნად იქცეს; თუმცა, ეს ასევე არის არჩევანი, რომელსაც ჩვენ თავად ვაკეთებთ.“