მოსაზრება: ვეღარ ვისაუბრებთ საქართველოზე, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოზე - კრიმინალური ბანდით ხდება საქმეების წარმოება
გაზიარება
გაზიარება
ბაჩიაშვილის დაკავება
“სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ბაჩიაშვილის ირგვლივ იყო მოტივირებული ბიძინა ივანიშვილის პერსონალური, პირადი ინტერესით. როგორც მან აღნიშნა, ბუნდოვანებაა როგორც ბაჩიაშვილის გათავისუფლების ნაწილში, ასევე ზოგადად, მისი დაკავების ნაწილშიც.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, პატიმრობიდან გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც პროკურატურის ცნობით, “სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ზიანი აანაზღაურა.” აღნიშნული შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმას ითვალისწინებს.
ნინო დოლიძე: “ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი გასცდა სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოს, სადაც ადამიანებს უნდა აკავებდნენ და ათავისუფლებდნენ მათი ბრალეულობის მიხედვით. უნდა იყოს წარმოდგენილი სათანადო ფაქტები, თუკი მოხდა მისი გათავისუფლება, შეწყალებით მოხდა თუ რა ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ ასეთი არაფერი არ ვიცით. ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე ერთი განცხადებით ვიგებთ, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდა.
ეს წარმოაჩენს, რომ ყველაფერი ბაჩიაშვილის ირგვლივ იყო მოტივირებული ბიძინა ივანიშვილის პერსონალური, პირადი ინტერესით. მას ჰქონდა ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, პერსონალური ფინანსური ინტერესი. სავარაუდოდ, შესაძლოა, დაიბრუნა ან დაიბრუნებს იმ ფინანსებს, რომელთა დაკავშირებითაც ჰქონდა ეს პრეტენზია ბაჩიაშვილთან და ალბათ, ეს იყო [საპროცესო შეთანხმების] მიზეზი. ჩვენ ბაჩიაშვილის დაკავებაც უნდა გავიხსენოთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. აქაც უამრავი ბუნდოვანებაა. სპეცოპერაცია ჩატარდა. ამასთან დაკავშირებითაც არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია.
სამართლებრივ სახელმწიფოზე ვეღარ ვისაუბრებთ, რაღაც კრიმინალური ბანდით ხდება ასეთი საქმეების წარმოება. არამხოლოდ ბაჩიაშვილთან, მომავალში ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით, რაც იქნება ბიძინა ივანიშვილის პერსონალური ინტერესი, შესაძლოა მსგავსი განვითარება ვიხილოთ.
სად არის საქართველო, წარმოუდგენელია. ამდენი ხნის მეტ-ნაკლები პროგრესი, კანონმდებლობის დახვეწის მცდელობები, არამხოლოდ აქ გადავდგით ნაბიჯი უკან, არამედ საერთოდ სად ვართ უკვე, ამის გარკვევა ძალიან ჭირს და მძიმე საყურებელია ეს ყველაფერი
რაც შეეხება ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავებას, ამ საქმეს არ ვიცნობ, თუმცა ზოგადად, მოქალაქეებს არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება. ეს ყველაფერი თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით მოხდება და არ გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე ტიპის ობიექტურ ინფორმაციას გავიგებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, არ გვაქვს წარმოდგენა რატომ, რისთვის ხდება ეს ბრძოლა, დამნაშავეები არიან, არ არიან, ეს ყველაფერი არ ვიცით. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, ჩვენ ამიტომ გვინდოდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ამიტომ გვინდოდა დამოუკიდებელი საჯარო უწყებები, რომ ეს ყველაფერი მეტად გვცოდნოდა და შესაბამისად, დამოუკიდებელი თავისუფალი სასამართლოს მხრიდან მართლმსაჯულების დადგენის შესაძლებლობა ყოფილიყო. დღეს ეს ყველაფერი არ ვიცით. იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და შესაბამისად, ვარაუდია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიზებული პროცესი და არაფერი აქვს კავშირი მას სამართლიანობასთან.“