"სასწრაფოს მანქანების ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო" - თბილისში დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
გაზიარება
გაზიარება
დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, მან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვის ტენდერი გააუქმა და პირობები შეცვალა იმისთვის, რომ კონკრეტულ კომპანიას უპირატესობა მიეღო, რის შედეგადაც სახელმწიფოს მილიონობით ლარის ზიანი მიადგა.
საგამოძიებო სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღუდუშაური, მინისტრის მეორე მოადგილესთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო და გადაწყვეტილებებზე გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა.
უწყების ინფორმაციით, 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, რომლის ბენეფიციარი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი იყო. კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობდა, ხოლო ყველაზე დაბალი წინადადება – 8 525 876 ლარი – ერთ-ერთმა მათგანმა წარმოადგინა.
თუმცა, გამოძიების მტკიცებით, ტენდერი ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით შეწყდა. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მან უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა იმისთვის, რომ სხვა კომპანიისთვის უპირატესობა მიენიჭებინა.
ამის შემდეგ, 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობებიც ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე იყო მორგებული, რის გამოც კონკურსში სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვეღარ მიიღეს.
უწყების ცნობით, წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რაც, საგამოძიებო სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ კორუფციულ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში უწყება ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს “ინტენსიურ რეჟიმში“ აგრძელებს.