საქართველოს პირველი პატიმრები ჰყავს ტროტუარზე დგომის გამო
გაზიარება
გაზიარება
პირველი პატიმრები ტროტუარზე დგომის გამო
საქართველოს პირველი პატიმრები ჰყავს ტროტუარზე დგომის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
დღეს იმავე საქმეზე მოსამართლე დავით მაკარიძემ 4-4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას. ხოლო ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5 -დღიანი პატიმრობა.
სანდრო მეგრელიშვილი პირველი იყო, ვისაც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა შეუფარდეს.
მანამდე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, მსგავს საქმეზე დემონსტრანტი ანი ახმეტელიც ცნო სამართალდამრღვევად, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
22 იანვარს, მსგავს საქმეზე აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.
კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.
საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა “ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ – მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
მას შემდეგ “ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
აბსურდული კანონების კულმინაცია იყოს ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლითაც “ქართულმა ოცნებამ” ტროტუარზე შეკრებაც აკრძალა. საკანონმდებლო ცვლილებებით, ტროტუარზე შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე სავალდებულო ხდება შსს-ს გაფრთხილება. თუ შსს გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.