საქართველოში ერთ წელიწადში მედიაზე 600 თავდასხმა მოხდა – RSF უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიებზე წერს
RSF საქართველოს მედიაზე
ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) საქართველოში თავისუფალი მედიის მიმართ ხელისუფლების უპრეცენდენტო რეპრესიებზე საუბრობს. ანგარიშში, რომელიც RSF-მა, ქართულ ორგანიზაციასთან – „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან“ (CMIS) პარტნიორობით გამოაქვეყნა, RSF გმობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ავტორიტარული უკუსვლა.
- ეუთო/ოდირი: გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონები უნდა გაუქმდეს
- RSF: პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი “პრესის თავისუფლების მტაცებელთა” სიაში მოხვდა
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ეყდრნობა მონაცემებს, რომელსაც CMIS მთელი წლის განმავლობაში აგროვებდა. ანგარიში მიმოიხილავს ძირითად დარღვევებსა და რეპრესიებს, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, დამოკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან, პროევროპული პროტესტის დაწყების შემდეგ, საქართველოში პრესის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე – რა დროსაც, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო დარღვევების ფონზე, სადავო გამარჯვება მოიპოვა – მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა.
“დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება, თუმცა შემთხვევების ორ მესამედზე მეტი საქართველოს დედაქალაქზე – თბილისზე მოდის. ეს განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა დაწესებულებებისა და რედაქციების უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი, ასევე, თბილისია პროტესტის ეპიცენტრიც.
ამ დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბერის საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ათობით ჟურნალისტი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ზოგიერთის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი ზომები იქნა მიღებული, თუმცა, დღემდე არცერთი დამნაშავე არ დასჯილა.
“ხელისუფლება სულ უფრო ხშირად აიგივებს ჟურნალისტებს მომიტინგეებთან და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქმედ კანონებს ისე იყენებს, რომ შეზღუდოს ჟურნალისტების საქმიანობა და ხელი შეუშალოს მათ პროტესტის გაშუქებისას”, – წერია ანგარიშში.
ტელეარხები სამიზნეები, მედიაორგანიზაციები შევიწროებულები, ჟურნალისტები სამართლებრივი დევნის მსხვერპლები
ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით მაღალია ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ტელევიზიების გადამღები ჯგუფების მიმართ.
“თვალშისაცემია “TV პირველის” წინააღმდეგ არსებული ინციდენტები, რომლის გადამღებ ჯგუფებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 80-ზე მეტჯერ დაესხნენ თავს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ონლაინ მედიიდან, ყველაზე ხშირ სამიზნეებს შორის, გამოყოფილია გამოცემა “პუბლიკა” და “ბათუმელები/ნეტგაზეთი”, რომელთა დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაპატიმრებულია.
ანგარიშში ხაზგასმულია ის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დამოუკიდებელი მედიის შესაზღუდად მიიღო.
“მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ – ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააჩქარა პრესის თავისუფლების შემზღუდავი კანონების მიღება, რომლებიც დიდწილად რუსეთში გამოყენებული პრაქტიკით არის შთაგონებული. 2025 წლის გაზაფხულიდან „უცხოელი აგენტების“ კანონის ახალი ვერსია, ასევე გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს კიდევ უფრო ზრდის მათი სამართლებრივი დევნის საფრთხეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ რეპსრესიული კანონმდებლობის აღსრულების მიზნით, ანტიკორუფციულმა ბიურომ უკვე დაიწყო გამოძიება მინიმუმ ექვსი დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ. კერძო კომპანიები თავს იკავებენ მედიასთან თანამშრომლობისა და რეკლამის შეძენისაგან, შესაძლო ზეწოლის საფრთხის გამო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ სტრატეგიის ცენტრში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია – რომელიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ ცოტა ხნის წინ, 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში დაასახელა.
“ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ხასიათის განსაზღვრასა და დაუსჯელობის კლიმატის დამკვიფრებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, არსებული პრობლემების დაკნინება, “რეპორტიორები საზღვრების გარეშეს” დიკრედიტაციითა და ორგანიზაციის „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტად მოხსენიებით სცადა.
დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ეს თავდასხმა რეპრესიების უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია“, -ვკითხულობთ დოკუმენტში.
საქართველო „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ორ წელიწადში 36 პოზიციით დაქვეითდა და 180 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 114-ე ადგილი დაიკავა.
RSF საქართველოს მედიაზე