საქართველო შეუერთდა 50 ქვეყნისა და ევროკავშირის განცხადებას რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე
ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევები
საქართველო შეუერთდა 50 ქვეყნისა და ევროკავშირის განცხადებას რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე. განცხადებაში აღნიშნულია ფაქტობრივი გარემოებები და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები.
22 სექტემბერს ნიუ-იორკში, ესტონეთის მოთხოვნით, გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა რუსეთის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევების გამო.
სხდომის დაწყებამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ წაიკითხა ერთობლივი განცხადება 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სახელით.
ქვეყნების ჩამონათვალშია: აშშ, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, იაპონია, თურქეთი, კორეის რესპუბლიკა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, ნორვეგია და ა.შ.
რა წერია განცხადებაში
“2025 წლის 19 სექტემბერს, რუსეთის სამმა შეიარაღებულმა მოიერიშე თვითმფრინავმა “მიგ-31“-მა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. მათ ნატოს ცაში დაჰყვეს 12 წუთი, შეიჭრნენ ესტონეთის საჰაერო სივრცის სიღრმეში და ფარავდნენ ესტონეთის სუვერენული ტერიტორიის თითქმის 100 კილომეტრს. ეს არის სახიფათო ესკალაცია – წელს ეს იყო რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა. სამი შეიარაღებული მოიერიშე ერთდროულად შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და სულ რაღაც წუთები აშორებდათ ტალინს, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნის დედაქალაქს.
დღეს აქ ვართ იმის გამო, რომ ეს ინციდენტი მხოლოდ ესტონეთს არ ეხება, არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობას. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის აღმაშფოთებელ დარღვევას ცოტა ხნით ადრე წინ უძღოდა რუსეთის დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეების დარღვევა. ეს არის მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის პროვოკაციული ქცევის ნაწილი, იმ ფონზე, როცა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფო აგრძელებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას.
რუსეთის უგუნური მოქმედებები არღვევს არამარტო საერთაშორისო სამართალს, არამედ წარმოადგენს დესტაბილიზაციის ესკალაციას, რაც მთელ რეგიონს აახლოებს კონფლიქტთან იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო წლებში. ასეთი პროვოკაცია არის არსებითად ღრმა უპატივცემულობა საერთაშორისო თანამეგობრობის კოლექტიური და დაუღალავი მცდელობისადმი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.
ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ და პატივი სცეს გაეროს ქარტიით გაწერილ ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა სახის პროვოკაცია და მუქარა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვა და უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარება.”
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა 13 სექტემბერსაც, რომელზეც რუსული საბრძოლო დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე იმსჯელეს. ეს იყო პირველი შემთხვევა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, როდესაც ნატოს წევრმა სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე დრონები ჩამოაგდო.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევა “უკიდურესად უპასუხისმგებლოა” და ამას ალიანსის წევრ ქვეყნებს სათანადო პასუხი უნდა გასცენ, მათ შორის, “სამხედრო” გზით.