რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 3 მაისს აღდგება
რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა
32-წლიანი პაუზის შემდეგ სოხუმის აეროპორტი მუშაობას განაახლებს — უკვე დაიწყო ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან აფხაზეთში. პირველი რეისი მოსკოვი–სოხუმი დაგეგმილია 3 მაისისთვის.
“მინტრანსისა და როსავიაციის მიერ რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად ჩატარებული მუშაობის შედეგად, უკვე გახსნილია ბილეთების გაყიდვა სოხუმის მიმართულებით“, — ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს Telegram-არხზე.
პირველ რეისს მოსკოვიდან შეასრულებს ავიაკომპანია “ЮВТ АЭРО“, ხოლო 6 მაისიდან მას შეუერთდება “Икар“, რომელიც ფრენებს ნიჟნი ნოვგოროდიდან განახორციელებს.
ბილეთის ფასი იწყება 14 420 რუბლიდან (დაახლოებით 175 დოლარი).
სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო სტატუსს კვლავ ვერ იბრუნებს — ფრენები მხოლოდ რუსეთიდან განახლდება
აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ სოხუმის აეროპორტიდან რეგულარული ფრენები შეწყდა. საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, სოხუმს ჩამოერთვა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ლიცენზია და გაუქმდა შესაბამისი კოდები, რაც საერთაშორისო რეისების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
ეს შეზღუდვა დღესაც ძალაშია. ამიტომ, აეროპორტის რეკონსტრუქციის მიუხედავად, ფრენები აღდგება მხოლოდ რუსეთთან და ფრენებს განახორციელებენ მხოლოდ რუსული შიდა ავიაკომპანიები. რუსეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი “Аэрофлот“ აფხაზეთში ვერ იფრენს.
გეგმურად აფხაზეთში ფრენებს განახორციელებენ ასევე ავიაკომპანიები iFly და NordStar. რუსული მედიების ცნობით, iFly აპირებს კვირაში 14 რეისის შესრულებას მოსკოვიდან, ხოლო NordStar — 7 რეისს კრასნოიარსკიდან.
სოხუმის აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით განახლებული ავიამიმოსვლის ძირითადი სამიზნე აუდიტორია რუსი ტურისტებია. აფხაზეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რეგულარული ფრენების ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს და შესაბამისად, შეავსებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბიუჯეტს.
აეროპორტის რეკონსტრუქციის ტენდერში გამარჯვებული გახდა ნაკლებად ცნობილი კომპანია “ინფრასტრუქტურული განვითარება“ (ООО «Инфраструктурное развитие»), რომელიც რუსული მედიის ცნობით, ეკუთვნის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო