სომხეთი ევროკავშირში გაწევრების პროცესს იწყებს. თუმცა, არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ელოდება თუ არა მას ევროპა
სომხეთი ევროკავშირში გაწევრების პროცესს იწყებს
სომხეთმა პირველი ოფიციალური და ფორმალური ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისკენ. ქვეყნის პარლამენტმა შეიმუშავა კანონპროექი, რომელშიც ნათქვამია: „სომხეთის რესპუბლიკა აცხადებს ევროკავშირში გაწევრების დაწყებას. გამოხატავს ხალხის ნებას და ადგენს მიზანს გახადოს რესპუბლიკა უსაფრთხო, დაცული, განვითარებული და აყვავებული“. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება უნდა იყოს. და, როგორც ჩანს, მოქალაქეთა უმრავლესობა მზად არის ამ პროცესს ხმა მისცეს.
ყველა დეტალი – როგორ დაიწყო ყველაფერი, რას ელის საზოგადოება, რისი იმედი აქვს პროდასავლურ ძალებსა და ხელისუფლებას, რა აწუხებს ოპოზიციას.
ევროკავშირში გაწევრების კანონპროექტი მოქალაქეთა ინიციატივაა
ფაქტზე, რომ ერევანსა და სომხეთის სხვა ქალაქებში ევროკავშირში გაწევრებაზე ხელმოწერები გროვდება, გზებზე დაკიდებული ბილბორდები და ინიციატივის მხარდამჭერი სატელევიზიო რეკლამები მიგანიშნებთ. იდეის ავტორი სომხეთის სამი პროდასავლური პარტიაა – “რესპუბლიკა”, “რესპუბლიკის სახელით” და “სომხეთის ევროპული პარტია”, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი მოქალაქე”.

პროცესის დაწყებამდე მათ დაარეგისტრირეს სამოქალაქო ინიციატივა სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოაწყვეს მოსმენები ქვეყნის პარლამენტში.
კონსტიტუციის მიხედვით, თუ ორგანიზატორები 60 დღეში 50 ათასი ხმის მოგროვებას მოახერხებენ, ინიციატივა პარლამენტის დღის წესრიგში შევა. დეპუტატები კი ვალდებული გახდებიან ეროვნულ კრებაში წარდგენილი კანონპროექტი განიხილონ და გადაწყვეტილება მიიღონ.
ორგანიზატორებმა დანიშნულ ვადაში მოასწრეს და ინიციატივაზე აქტიურად ალაპარაკდნენ არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
„სომხეთის გაწევრებას ევროკავშირში განვიხილავთ არა მხოლოდ ცივილიზაციური ორიენტაციისა და გეოპოლიტიკურ გაერთიანებაში შესვლის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის თვალსაზრისითაც. ჩვენ ვხედავთ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, სომხეთი მჭიდრო ურთიერთობაში შედის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც გლობალურ დასავლეთთან, რომლის კარიბჭე ჩვენთვის თავად ევროკავშირია“, – განაცხადა ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოქალაქის“ ხელმძღვანელმა ჰოვსეფ ხურშუდიანმა პარლამენტში კენჭისყრამდე.
სომხეთის ხელისუფლების პოზიცია
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ოფიციალურად პროდასავლელი პოლიტიკოსებისგან წამოვიდა, სომხეთის ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მისი არაფორმალური ავტორი მმართველი პარტიაა. ისინი ვერ გადაარწმუნა იმანაც კი, რომ ამ იდეის განხილვის პირველ ეტაპზე მმართველი გუნდი მას მხარს არ უჭერდა და პროცესის დაწყების მიზანშეწონილობაში ეჭვს გამოთქვამდა.
ამის საპირისპიროდ, ისინი იხსენებენ, რომ სომხეთის მთავრობა უკვე რამდენიმე წელია აცხადებს მზადყოფნას გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან. თავად პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან აღნიშნა, რომ სომხეთი მზადაა იყოს ევროკავშირთან იმდენად ახლოს, რამდენადაც ამას ბრიუსელი შესაძლებლად მიიჩნევს.
ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი განწყობაც თანდათანობით შეიცვალა. იმედგაცრუება რუსეთის, როგორც მოკავშირის მიმართ, 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ დაიწყო. იგი კიდევ უფრო გაღრმავდა აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის 10-თვიანი ბლოკადის, 2023 წლის სექტემბრის სამხედრო მოქმედებებისა და 100 ათასზე მეტი ყარაბაღელი სომეხის სამშობლოდან განდევნის შემდეგ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ უთხრა თავად პუტინს რუსი სამშვიდობოების უმოქმედობის შესახებ, რომლებსაც ეს ყველაფერი უნდა აღეკვეთათ.
მაგრამ ბოლო წვეთი ის გახდა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რამდენიმე კილომეტრით შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე, სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი და მის ლიდერობით მოქმედი სამხედრო ბლოკი ОДКБ კი სომხეთის ხელისუფლების დახმარების მოთხოვნას არ გამოეხმაურნენ. ამის შემდეგ ქვეყანამ გაყინა თავისი მონაწილეობა ბლოკში.
ამ ფონზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროპულ პლატფორმებზე იქნა მიღებული და არა მოსკოვში.
ევროპასთან თანამშრომლობის საკვანძო ასპექტი გახდა ევროკავშირის სამოქალაქო მისია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აკვირდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს. სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ ევროპელი დამკვირვებლების წყალობით ბოლო დროს საზღვარზე სიმშვიდეა.
ამაში ხალხს კიდევ უფრო არწმუნებს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი დიდი ხანია მოითხოვს, სომხეთმა მისიის მომსახურებაზე უარი თქვას. ბაქო ამას “საზღვარზე მესამე ძალების არარსებობის” მოთხოვნად აფორმირებს. უფრო მეტიც, აზერბაიჯანი და რუსეთი მუდმივად ადანაშაულებენ მისიას ჯაშუშობაში.

ვინაიდან ახლა სომხეთის მოსახლეობისთვის უსაფრთხოება უმთავრეს საკითხს წარმოადგენს და ეს უსაფრთხოება ევროპელმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს, არავის გაკვირვებია, რომ ხალხმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების ინიციატივას.
ამასთან, მმართველი გუნდის საწყისმა რეაქციამ ეჭვი გააჩინა გაბედავდნენ თუ არა დეპუტატები კანონპროექტის მხარდაჭერას. თუმცა, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი წინასწარ განხილვაზე გავიდა და დამტკიცდა, მისი ბედი ცხადი გახდა და ყველასთვის გასაგები გახდა, რომ მმართველი უმრავლესობა მას მიიღებდა.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. რა თქმა უნდა, კანონის მიღება არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გავხდით ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ნაბიჯია. ამით ჩვენ ხალხს ფართო არჩევანის შესაძლებლობა მივეცით, ასევე, შინაარსიანი განხილვების სივრცე. ჩვენ სერიოზული რისკების წინაშე ვდგავართ და ჩვენი პასუხი ამ რისკებზე არის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ბალანსის სტაბილურობის უზრუნველყოფა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ.
ბალანსი სტაბილური იქნება? ოპოზიციის აზრი
მაშინ, როცა სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე საუბრობს, საპარლამენტო ოპოზიცია მხოლოდ არსებულ რისკების გაუარესებას ხედავს. მათი აზრით, პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რა შედეგები ექნება საბოლოოდ რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებას.
„კანონპროექტი სომხეთს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ითრევს. ეს კი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობას. ამასთან, უცნობია, რამდენ ხანს გასტანს ეს პროცესი და ხომ არ მოხდება ისე, რომ რაღაც მომენტში ევროკავშირი საერთოდ აღარ იარსებებს,“ – აცხადებს ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატი არმენ რუტამიანი.

ფრაქცია, რომლის ლიდერიც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია, საერთოდ არ მონაწილეობდა ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაში.
ევროინტეგრაციის წინააღმდეგია აგრეთვე ფრაქცია „პატივი მაქვს“, რომლის არაფორმალური ლიდერი სომხეთის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანია. სწორედ მან 2013 წელს, ერთ ღამეში მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და ამის ნაცვლად შეუერთდა რუსეთის ლიდერობით მოქმედ ევრაზიის საბაჟო კავშირს.
ორივე ყოფილი პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში პრორუსული კურსით ხელმძღვანელობდა ქვეყანას და ამ პოზიციას დღემდე არ ცვლიან.
რას ფიქრობენ რუსეთში სომხეთის ევროინტეგრაციაზე?
ევროინტეგრაციის შესახებ სომხეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებს თავდაპირველად რუსეთში შედარებით თავშეკავებულად შეხვდნენ, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივამ უკვე აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია.
თავდაპირველად ამ საკითხზე განცხადება გააკეთა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა, რომელიც სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მთავარ კურატორად ითვლება:
„ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, სიგნალია, რომ ევროკავშირში გაწევრების დაწყება ნიშნავს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან ( EAEU) გამოსვლის დასაწყისს. ეს აბსოლუტურად ნათელია ყველასთვის, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ამ ორი ინტეგრაციული გაერთიანების მუშაობის პრინციპებს. ის ადამიანები, რომლებიც ახლა სომხეთში ამტკიცებენ, თითქოს შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა, უბრალოდ, ატყუებენ სომეხ ხალხს.“
შემდგომში ოვერჩუკის სიტყვები დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა:
„სომხეთის წევრობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შეუთავსებელია ერევნის სურვილთან, გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ეს საერთაშორისო გაერთიანებები განსხვავებულ პრინციპებზე მოქმედებენ.“
სომეხი ანალიტიკოსების შეფასებით, თუ სომხეთი საბოლოოდ გადაწყვეტს EAEU-იდან გასვლას, ერევანი უდავოდ შეეჩეხება ეკონომიკურ შეზღუდვებს, ზეწოლას და, შესაძლოა, სანქციებსაც რუსეთის მხრიდან.
უკან დასახევი გზა არ არის
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის ხელისუფლება აგრძელებს დაბალანსების პოლიტიკას და არ დგამს მკვეთრ ნაბიჯებს, პროდასავლური პოლიტიკური ძალები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ. უფრო მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია.
პარტია „რესპუბლიკის სახელით“ ვიცე-თავმჯდომარე რუბენ მეგრაბიანი მიიჩნევს, რომ ეს არის ხალხის ნება:
„სარწმუნო სოციალური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ყველაფერი ეს სრულად შეესაბამება სომხური საზოგადოების მოლოდინებს. ჩვენ საზოგადოებაში მკაფიოდ ჩამოყალიბდა ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის. მომავალი – ეს ევროპაა, ხოლო წარსული – რუსეთი.“
ახლა მთავარი კითხვა ის არის, როდის გაიმართება რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკის კურსის ოფიციალურად შეცვლა მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. თუმცა, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ იგეგმება.
როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსალოდნელი არ არის. სომხეთი ნელ-ნელა შედის წინასაარჩევნო ციკლში, რადგან პარლამენტის არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა. სწორედ ამ არჩევნების შედეგებმა შეიძლება გარდამტეხი გავლენა მოახდინოს სომხეთის ევროპულ ამბიციებზე.
პარტია „რესპუბლიკის სახელით“ ვიცე-თავმჯდომარე რუბენ მეგრაბიანი დარწმუნებულია, რომ ანტიევროპულ პარტიებს ამ არჩევნებში წარმატების შანსი არ ექნებათ:
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებრივ ცნობიერებაში ისტორიული მასშტაბის ცვლილებები მოხდა. ეს განსაკუთრებით 2022 წლის მოვლენების შედეგად მოხდა, რადგან მანამდე საზოგადოება ინერციით მოქმედებდა. ეს ინერცია საბოლოოდ გაქრა 2022 წლის სექტემბერში, როდესაც ყოველგვარი ილუზია დაინგრა იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთსა და რუსეთს საერთო ინტერესები, მიზნები და ღირებულებები ჰქონდათ. ნათელი გახდა, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთისთვის შეუთავსებელია.“
2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანული სამხედრო დანაყოფები პირველად შეიჭრნენ სუვერენული სომხეთის ტერიტორიაზე. მოგვიანებით, ეს შეტევები განმეორდა, რასაც შედეგად მოჰყვა დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია. სომხეთის ხელისუფლებამ ОДКБ-ს (რუსეთის ლიდერობით მოქმედი სამხედრო ბლოკი) მიმართა დახმარებისთვის, თუმცა ბლოკის წევრებმა განაცხადეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი არ არის დემარკირებული, რის გამოც ორგანიზაციას რეაგირება არ შეეძლო.
ნიკოლ ფაშინიანის პასუხი ამ არგუმენტზე მკაცრი იყო: „თუ ვამბობთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი არ არსებობს, მაშინ ОДКБ-ც არ არსებობს. რადგან ОДКБ-ს აქვს პასუხისმგებლობის ზონა, რომელიც საზღვრებით განისაზღვრება. თუ საზღვარი არ არსებობს, არ არსებობს პასუხისმგებლობის ზონაც. და თუ არ არსებობს პასუხისმგებლობის ზონა, მაშინ არ არსებობს არც ორგანიზაცია.

რა რჩება ბოლოს?
სომხეთისა და ევროკავშირის დაახლოების საკითხი ფაქტობრივად გეოპოლიტიკურ კონტექსტს მოიცავს. შეუძლებელია იგნორირებული იყოს ის შედეგები, რაც ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს, ასევე რუსეთის შესაძლო ნაბიჯები. გუკუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ მოსკოვი იოლად გაათავისუფლებს ერევანს, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების ფონზე.
ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე მხოლოდ გაიზარდა. და ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის დროსაც ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით.
კიდევ ერთი სერიოზული ბარიერი, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ, თურქეთია. სომხეთის ყველაზე მოკლე გზა ევროპისკენ სწორედ ამ ქვეყანაზე გადის. თუმცა 1993 წლიდან საზღვარი დაკეტილია, და გაურკვეველია, როდის გაიხსნება.
მიუხედავად ამისა, სომხური საზოგადოება სულ უფრო მეტად ისწრაფვის ევროპისკენ. და ერევნის საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლა მხოლოდ დროის საკითხად ჩანს.
მედიაქსელის მხარდაჭერით