ივანიშვილთან დაპირისპირებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე დააკავეს
დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს, რომელიც ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთანაა დაპირისპირებული, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.
ჩიკვაიძესთან დაკავშირებით მოსამართლე იზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რისკზე მიუთითებდა.
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. დაკავების შემდეგ მან მოსამართლეს “მურუსიძის მონა” უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი სანქცირებისთვის. ჩიკვაიძემ გუშინ, 10 მარტს, განაცხადა, რომ მოლოდინი ჰქონდა, დღევანდელ პროცესზე დააკავებდნენ.
მისი ბიზნესპარტნიორისთვის, ირაკლი პაპიაშვილისთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო ძალაში დარჩა. პაპიაშვილის განცხადებით, ყველა მოწყობილობა, რომელზეც რაიმე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა, ქვეყნის გარეთ აქვთ გატანილი.
პაპიაშვილმა ამის შესახებ მიმდინარე ჩხრეკებთან დაკავშირებით ისაუბრა. ბიზნესმენების გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პაპიაშვილს პირადი ჩხრეკაც ჩაუტარდა. ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოს ეზოში ჩხრეკენ მის მანქანასაც.
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ როგორც ახალგაზრდა დედა, როცა ყველაზე ძალიან დასჭირდებით თქვენ შვილს ვერ იყოთ მის გვერდით, არამედ იყოთ იქ, სადაც მიშვებთ მე, ამის პირობას გაძლევთ. ეს სიტყვები დაიმახსოვრე შე მურუსიძის მონა და თუ არ დასანქცირდები მაგას ვნახავთ”, – მიმართა ჩიკვაიძემ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც პროკურორმა განაცხადა ჩიკვაიძემ და პაპიაშვილმა არაერთხელ დაარღვიეს შეფარდებული გირაოს პირობები, კერძოდ, არ ცხადდებოდნენ სასამართლო სხდომაზე.
გარდა ამისა, პროკურორის განცხადებით, გამოიკვეთა ახალი გარემოებაც, კერძოდ, ჩიკვაიძე შენიშნეს სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს.
“მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ბრალდებულების გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით. რისთვისაც გიორგი ჩიკვაიძე 6-7 მარტს იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს”. – განაცხადა პროკურორმა.
სხდომაზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არასათანადო ქცევას ადგილი არ ჰქონია, ისინი სხდომაზე საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო არ გამოცხადებულან.
გიორგი ჩიკვაძის საქმე
გიორგი ჩიკვაიძე ივანიშვილის გარემოცვას, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით მასზე წნეხის მოხდენაში ადანაშაულებს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. ჩიკვაიძე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც მისი თქმით, მასზე სუს-ის თვალთვალის კადრებია.
გიორგი ჩიკვაიძე საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. ის ამტკიცებს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რუს სპეცსამსახურებთან კავშირს დაადასტურებს.
38 წლის ბიზნესმენი, რომელიც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და
“ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.