"ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს" - ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება
დიდი ბრიტანეთის სანქციები ბიძინა ივანიშვილს
“ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ “დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის “დონემდე დაიყვანა”, რაც გამორჩეულად “ტრაგიკულ” მოვლენად უნდა შეფასდეს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო “ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა” და ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, “გამაოგნებელია”, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და “ფეხქვეშ გათელა”.
13 იანვარს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, ივანიშვილის სანქცირების წინადადება წარადგინა.
თუკი წინადადებას მიიღებენ, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, სამუშაო ვერსიის მიხედვით, თემთა პალატა:
- გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო;
- გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში;
- ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გააკეთოს იგივე – დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის;
- მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და იყოს უფრო მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან ევროკავშირში, რათა გადადგას ნაბიჯები რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ;
- კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას.“
რას ამბობს “ქართული ოცნება”
“ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.
ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა.
უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი
დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა,
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ “დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს
თუმცა, იმ ფონზე, რომ “დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
სანქციების ისტორია
“ქართული ოცნების“ ხელისუფლება მწვავე კრიზისის წინაშე დგას როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე. 50 დღეა, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებული პოლიტიკიდან გადახვევის გამო.
27 დეკემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” 110-ზე მეტ ჩინოვნიკს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო შეზღუდვა. ეს შეზღუდვა ეხება დასანქცირებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც. შესაბამისად, იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ვერ შეძლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობას, რამდენიმე ასეულია.
ასობით ადამიანი (ზუსტი სია არ არსებობს) ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტები, სანქციები დაუწესა ევროკავშირმა – ისინი ვეღარ შეძლებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ მოგზაურობას.
6 ადამიანია ე.წ. მაგნისტკის სიაში – ეს არის მკაცრი ფინანსური სანქცია, რომელიც დასანქცირებული პირების მთელი ქონების, წილების და ფინანსების გაყინვას გულისხმობს. ამ ექვს ადამიანს შორის 4 მაღალი თანამდებობის მქონე პირი;
40-ზე მეტი პირი დასანქცირებულია ბალტიის ქვეყნების მიერ, 19 პირს დაუწესა პერსონალური სანქციები უკრაინამ, 5 პირი დაასანქცირა ბრიტანეთმა, ხოლო 9 პირი დაასანქცირა გერმანიამ.
არაერთი ჩინოვნიკი ერთდროულად რამდენიმე სანქციების პაკეტშია. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური. ის მოხვდა ყველა ქვეყნის სანქციებში და არის მაგნიტსკის სიაშიც.