საქართველოს მთავრობა იმ NGO-ებისთვის, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ, საგრანტო პროგრამას დააფუძნებს
NGO-ები რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა “ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი” არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ
კობახიძის თქმით, საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ.
“საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ
ბრიფინგზე კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, უცნაურად ეჩვენება თუ არა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მთავრობა დააფინანსებს, რაზეც მან უპასუხა:
“თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულს ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია”, – აღნიშნა კობახიძემ.
კითხვაზე, რომელი ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია გააკონტროლებს იმ მთავრობას, რომლისგანაც დაფინანსებას იღებს, კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს “ნორმალური” პრაქტიკაა:
მაგალითად, NED არის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო, რომელიც კონკრეტულ აქტივობებს აფინანსებს. ეს არის ნორმალური პრაქტიკა. მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაურს, მჭირდება დახმარება კორუფციის აღმოფხვრაში. ამისთვის ჩვენ შეიძლება დავიქირაოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩაუღრმავდებიან ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის ხელისუფლების სტრუქტურებში
ბრიფინგზე კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ორგანიზაციებს, რომლებიც “აგენტების” ბაზაში დარეგისტრირდნენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ის არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისთვის დააფინანსებს, რომ ორგანიზაცია მთავრობას კორუფციის აღმოფხვრაში დაეხმაროს.
“მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური იმისათვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმაროს სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებაში და აღმოფხვრაში.”. – თქვა კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, მას კორუფციის აღმოფხვრაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ეხმარება.
პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, თუ “როგორ დაეხმარება მთავრობას მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლაში” უპასუხა, რომ მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები მას სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში დაეხმარებოდა:
“არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას დაეხმარება, რომ აღმოიფხვრას კორუფცია – ეს არის ჩვენი ინტერესი.
პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ინტერესია, რომ სამთავრობო სტრუქტურებში, ნებისმიერ დონეზე აღმოიფხვრას კორუფცია
რა უნდა ვიცოდეთ “აგენტების კანონზე. მოკლედ
● კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.
● იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა, რაც ნიშნავს, რომ 3 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
● ხელისუფლებამ კანონი მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საქართველოს დასავლელი პარტნიორების დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაცრი დასკვნის მიუხედავად მიიღო.
● კანონის მიღების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ სანქციებზე საუბრობს აშშ. 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ„საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ფინანსური სანქციები იქნება ასევე გათვალისწინებული სენატისა და კონგრესის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში.
● კანონის ძალაში შესვლის შემდეგ საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე ევროპელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირს.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ის, რომ მსგავსი კანონმდებლობა აქვს ამერიკასაც და ასევე რიგ ევროპულ ქვეყნებსაც, მათ შორის, საფრანგეთსაც. “ქართული ოცნების” განმარტებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება დაიცვას თავი უცხო გავლენისგან და მოსთხოვოს ორგანიზაციებს გამჭვირვალობა.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონის შედარება ამერიკულთან და ევროპულთან მცდარია და აი რატომ – კონკრეტული არგუმენტები:
ამერიკული კანონი FARA (Foreign Agents Registration Act), რომელზეც “ოცნება” აპელირებს, აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს და ამ კანონის მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მაშინდელი მტრისგან – მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდისგან დაეცვა. არც მაშინ და არც დღეს FARA არ ვრცელდებოდა ამერიკის მოკავშირე, მეგობარ ქვეყნებზე.
იგივე, საფრანგეთში, სადაც “უცხო ქვეყნის გავლენის” კანონი ასევე აქვთ, პირდაპირ არის ჩამოთვლილი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგ მოქმედებს ეს კანონი და ამ ჩამონათვალში ის ქვეყნებია, რომელთა გავლენის გაძლიერებასაც საფრანგეთი საფრთხედ მიიჩნევს და არა პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. საფრანგეთის შემთხვევაში ეს ქვეყნებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი. ფრანგულ კანონში პირდაპირი დათქმაა ანუ მოქმედებს ჩამკეტი მექანიზმი, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე ეს კანონი არ გავრცელდება. მსგავსი დათქმა არ წერია “ქართული ოცნების” კანონში და შესაბამისად, ეს კანონი პირდაპირ ურტყამს სწორედ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების – აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ვითარდება.
მეორე ტიპის ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც “უცხო ქვეყნების გავლენების შესახებ” კანონებს ზოგიერთ სხვა ქვეყნებში ახლავს ხოლმე, ეს არის შეზღუდვა საქმიანობის მიხედვით. მაგალითად, იგივე FARA-ში, რომელსაც ედრება “ოცნება”, წერია, რომ კანონი არ ეხება არც მედია ორგანიზაციებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მხოლოდ ლობისტურ ორგანიზაციებს. “ქართული ოცნების” ვარიანტში კი არც ამ ტიპის ჩამკეტი მექანიზმია გათვალისწინებული.
გამოდის რომ კანონი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო რუსულის ანალოგია. ამიტომ მას საქართველოში “რუსულ კანონს” ეძახიან. რუსული ვარიანტიც პირველ რიგში სწორედ მედიაორგანიზაციებს და არასამთავრობო სექტორს შეეხო. დღეს რუსეთში დახურულია ყველანაირი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია, რომელიც არ კონტროლდება კრემლის მიერ.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. უნგრეთში როდესაც მსგავსი კანონი მიიღეს, ის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გააუქმა. ეს კანონი უნგრეთში პირდაპირ იყო მიმართული მედიის გასაჩუმებლად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფისთვის, ღირსების შესალახად.
მსგავსი შეზღუდვის დაწესება მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მიმართ აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანა საგარეო ვექტორს იცვლის, რაზეც დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ.
მრავალათასიანი მიტინგების მთავარი ლოზუნგიც სწორედ ეს არის – “კი ევროპას, არა – რუსეთს!”
“აგენტად გამოცხადდება ყველა ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხო ქვეყნის გრანტებია. პატარა, ღარიბ ქვეყანაში – საქართველოში – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა.
ევროკავშირის და აშშ-ის დახმარებით ქვეყანაში უკვე 33 წელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ნებისმიერ სფეროში – დაწყებული ჯანდაცვით და ინფრასტრუქტურით, დასრულებული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი უარს ამბობს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” და “უცხოურ ძალად” რეგისტრირებაზე, რასაც ავალებს მათ კანონი. ორგანიზაციებისთვის და ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია მსგავსი იარლიყი: “ჩვენ პატიოსნად ვშრომობთ საკუთარ ქვეყანაში, რატომ უნდა გვერქვას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი?”, კითხულობენ ისინი.
ამდენად, ბევრი პატარა ორგანიზაცია უკვე აკეთებს განცხადებებს გარდაუვალ დახურვაზე. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია, ფეა თრიიზ ფონდმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსული კანონის მიღების გამო, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებენ. ეს კლინიკა არასრულწლოვანებს უფასოდ უნდა მომსახურებოდა.
ან მაგალითად, ასევე განცხადება გაავრცელეს ცხოველთა დამცველებმა – მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების თითქმის ასი პროცენტი უცხოურ გრანტებზე არსებობს და თუკი ამ კანონს მიიღებენ, ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაიხურება.