ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და არ გადაახვევინოს ქვეყანას ევროპული გზიდან
ბორელი რუსულ კანონზე
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ “აგენტების შესახებ” კანონპროექტი და არ “გადაახვევინოს” ქვეყანას ევროპული გზიდან.
“გასული კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და კიდევ ერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან, გაიწვიოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.
შარშან უკვე ვნახეთ შთამბეჭდავი კადრები საქართველოდან. ყველა ასაკის ადამიანს ხელში უჭირავს ქართული და ევროპული დროშები, რაც აჩვენებს მათ მტკიცე მხარდაჭერას დემოკრატიისადმი და საერთო ევროპული ღირებულებებისადმი. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს საჯარო პირობა მისცეს, რომ მსგავსი კანონმდებლობა აღარასდროს დაბრუნდებოდა.
მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი. როგორც გასულ წელს იყო, ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან.
თუ ეს კანონი მიღებული იქნება, ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. ამ კანონის მიღება ასევე იმოქმედებს ევროკავშირის მხარდაჭერაზე ქართველი ხალხისადმი, რადგან ამ დახმარების ნაწილი ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება.
გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი.
ქართველების მომავალი ევროპაშია. გასული წლის დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატს სტატუსმა უფრო დააახლოვა ჩვენი ურთიერთობები ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და არ გადაახვევინონ ქვეყანას ევროპული გზიდან.” – განაცხადა ბორელმა.
● “EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი დღის წესრიგის ნაწილია” – ევროპარლამენტის საბოლოო რეზოლუცია
● “ქვეყანა ხდება პუტინის პირადი სალარო, ეს იცით რას ნიშნავს?” – ექსპერტები ოფშორების კანონზე და ოცნების ტაქტიკაზე
● “დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების გამო სამიზნეში არ იღებს” – EU-ში განმარტავენ, რით განსხვავდება მათი დირექტივა რუსული კანონისგან
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის საბოლოო პროექტი გამოაქვეყნა, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან. დოკუმენტში მკაცრადაა დაგმობილი რუსული კანონი და აღნიშნულია, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. რეზოლუციის თანახმად, კანონპროექტი აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ასევე, რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს შეწყვიტოს მისი განხილვა და ხელისუფლებამ პატივი სცეს მოსახლეობის შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
22 აპრილს ევროპარლამენტში რუსულ კანონზე და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლაზე იმსჯელეს. ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტები შეადგინეს, რომლითაც, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის, კანონპროექტისთვის ხმის მიმცემი დეპუტატების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების – ვაჟა სირაძის და ზვიად ხარაზიშვილის (მეტსახელად ხარება) – სანქცირება მოითხოვეს.
ამავე სესიაზე ევროპარლამენტარების ნაწილმა – მათ შორის მირიამ ლექსმანმა, ანა ფოტიგამ და მაიკლ გალერმა – მოითხოვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაც.
რეზოლუციების პროექტების კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება.