პრეზიდენტი 9 დეკემბერს არასამთავრობოების მარშს - "შენი ხმა ევროკავშირს" შეუერთდება
სალომე ზურაბიშვილი მარშს უერთდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 დეკემბერს, არასამთავრობოების მიერ დაანონსებულ მარშს – “შენი ხმა ევროკავშირს” შეუერთდება. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, “ჩვენ ეს კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ”, რათა ყველამ გაიგოს და ეს საქართველოდან მიტანილი საერთო ხმა იყოს.
“მე ვიცი, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრ ადგილას ბევრი სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება, ესეც საზოგადოების ნიშანია, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას.
ამ მიზნით, 9 დეკემბერს ჩატარდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარში, რომელსაც ვუერთდებით, ისევე, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ იმისთვის, რომ ეს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი იყოს, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში ევროპისგან ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ველოდებით. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
● “ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის” – პრეზიდენტი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
● მოსაზრება: ზურაბიშვილი საბოლოოდ გათავისუფლდა ბიძინა ივანიშვილის კომპლექსისგან და ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი
მსვლელობა “შენი ხმა ევროკავშირს”
9 დეკემბერს, 14:00-ზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობას მოაწყობს სახელწოდებით – “შენი ხმა ევროკავშირს”.
“დემოკრატიის მცველების” დირექტორის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ევროპის მოედანზე გაიშლება “მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა, რომელიც ახლა იკერება”.
ის აღნიშნავს, რომ “ამ დროშის თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იკერება, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში”.
მშვენიერაძის თქმითვე, როცა უკვე ქართველი ხალხის მონდომების ხარჯზე გვაქვს ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია “ეს ძლიერი ხმა კიდევ ერთხელ საქართველოდან მისწვდეს” ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერს.
“პრეზიდენტი უკვე ღალატის სიმბოლოდაა ქცეული” – კომენტარები
უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე: “ჩვენმიერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, სიმბოლურადაც რომ აღარ არის და მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი, ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში. თუ ძალიან უნდათ, შეუერთდნენ საერთო ზეიმს, რომელიც უკვე დაანონსდა და კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს იქნება.
ცუდად “გადაირბინა” სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობიდან იმ სალომე ზურაბიშვილამდე, რომელიც უკვე ღალატის სიმბოლოდაა ქცეული. მან ეს ძალიან სწრაფად გააკეთა და მიმაჩნია რომ, ამ გაგებით, ძალიან ცუდად “დარბის”.
__________
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მაღალი ალბათობაა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი აგვისტო-სექტემბერში გადადგება.
“მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება – რეალურად, გადააყენებენ, როგორც თავის დროზე გიორგი გახარია გადააყენეს.
დიდი ალბათობით, შეიძლება, ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდეს. რეალურად, შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ორი რამისთვის დასჭირდეთ – ერთი, ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან არჩევნების შემდგომი ოპოზიციის კამპანიის მხარდაჭერა, გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ.
ყველამ წინასწარ ვიცით, არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია კამპანიას რაზეც ააგებს. შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას ამაში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დასჭირდეს. ამისთვის, ის პრეზიდენტის პოსტზე სჭირდებათ, თუმცა, შეიძლება, განხილული იყოს ალტერნატიული სცენარი, როცა სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
მე იმ ადამიანებისთვის უფრო პრაგმატული სცენარი მისი პრეზიდენტად დატოვება მგონია, რადგან, ზურაბიშვილს დიდი საარჩევნო რესურსი არ აქვს. საბოლოო ჯამში, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.” – ამბობს კობახიძე.