ოპოზიციური პარტიების განცხადება: ქვეყანა რუსეთთან მოკავშირეების გარეშე დარჩენის ზღვარზეა
ოპოზიციური პარტიების განცხადება
“გირჩი- მეტი თავისუფლება”, “დროა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ლელო საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ერთიან განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთთან მოკავშირეების გარეშე დარჩენის ზღვარზეა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, “ერთიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: არა მტერთან კოლაბორაციას, არა რუსულ მთავრობას, ერთად ევროპისკენ!”.
განცხადებაში ნათქვამია:
● საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავედ და ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურად აღიარებული ვლადიმერ პუტინის განკარგულებითა და საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, მომავალი კვირიდან რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იგეგმება.
● საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო.
● სინამდვილეში, ეს სულაც არ არის უანგარო და უწყინარი გადაწყვეტილება, როგორადაც წარმოაჩენს ამას ხელისუფლების პროპაგანდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს სანქციები ემუქრება.
ფაქტია, „რუსულმა ოცნებამ“ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და რუსული ავტორიტარიზმის დამყარების ფინალური ეტაპი დაიწყო.
● მხოლოდ მიმდინარე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ნატო-ს სწავლება „მცველი 2023“-ში მონაწილეობაზე, თავს დაესხა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IRI) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), დატოვა სიდიდით მეორე ევროპული პოლიტიკური ოჯახი, თანხმობა განაცხადა რუსეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე.
● პუტინისა და ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველო ღიად უპირისპირდება რუსეთის სანქცირების დასავლურ პოლიტიკას. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უპირისპირდება საკუთარი, ჩვენი და მთელი ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას.
● ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ასეთი რეალურია, ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვიყენებს საკითხს: ევროპა, თუ რუსეთი? მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა ერთიან ევროპულ ოჯახში, თუ სიღარიბე, მონობა და უპერსპექტივობა დამარცხებულ რუსეთთან ერთად?
“ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები გავაკეთებთ ყველაფერს, ამ რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის მიერ თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფისაგან დასაცავად იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
● “განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება” – საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
● დავით არახამია: ზელენსკისთან ერთად გპირდებით, საქართველოს დავეხმარებით ამ უფსკრულის გადალახვაში
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.