დავით არახამია: ზელენსკისთან ერთად გპირდებით, საქართველოს დავეხმარებით ამ უფსკრულის გადალახვაში
დავით არახამიას პოსტი
სოციალურ ქსელში უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია პირობას დებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაეხმარება საქართველოს “ამ უფსკრულის” გადალახვაში. მისივე თქმით, უკრაინა იშორებს ოლიგარქების გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე და აუმჯობესებს სასამართლო სისტემას.
“უკრაინამ, როგორც ევროკავშირის მომავალმა წევრმა, ბევრი რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება უნდა განახორციელოს. ჩვენს მთავრობას აქვს თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა ყველა მნიშვნელოვან ცვლილებასთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგვცემს სასურველ შედეგს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მივიღეთ საშინაო დავალება.” – წერს არახამია.
როგორც “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე აღნიშნავს, ყველა ევროპელი დიპლომატი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ერთხმად აღნიშნავს ამ ცვლილებების სწრაფ პროგრესსა და უჩვეულო ტემპს. მისი თქმით, რაც კეთდება სხვა ქვეყნებში წლების განმავლობაში, უკრაინა ახორციელებს ერთ თვეში, რაც კეთდება თვეებში, უკრაინაში სრულდება დღეებში.
“საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს!” – ამბობს დავით არახამია.
● უკრაინის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც საჭიროა
● პოდოლიაკი: საქართველოს ხელისუფლებამ ტონი უნდა შეცვალოს
● ქადაგიძე: 10 ნაბიჯი რასაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა, უკრაინას ნამდვილად რომ უჭერდეს მხარს
უკრაინელი პოლიტიკოსის ამ განცხადებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა და დავით არახამიას “ხელმოცარული პოლიტიკოსი” უწოდა.
“ახლა ეს ხელმოცარული ოპოზიციურ არხებს ექსპერტად ჰყავთ. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებული და გაზრდილია რუსეთში, თავის წინაპრებს პატივს არ სცემს […] ახლა თქვენ გგონიათ, ის საქართველოსთვის, ან ქართველებისთვის იბრძვის? მას რომ რეალურად უკრაინა უყვარდეს, სამშობლოს რომ უწოდებს – ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ? ან ამისთვის სცალია, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს? […] ის არის ნაციონალური მოძრაობისა და მათი სატელიტი არასამთავრობოებისა თუ ტელევიზიების საყვარელი რესპონდენტი, რომელსაც ნული ავტორიტეტი აქვს […] იცით, როგორ კარგად ვხედავ, უკრაინელები არახამიას და ასეთ ნაძირლებს როგორ გაასამართლებენ? იმიტომ, რომ ისინი უკრაინის ინტერესებს არ ემსახურებიან.” – განაცხადა ზარქუამ.