სააკაშვილის ადვოკატი: სტრასბურგის პასუხი დროებით ღონისძიებას ეხება, საქმის განხილვა მიმდინარეობს
სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის პასუხზე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და დღევანდელი პასუხი მხოლოდ “ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება” მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.
მისივე თქმით, ეს არ არის ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს.
“ანუ დაცვის მხარემ ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ, ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხი ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება.
ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლავთ სწორედ ეს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. ეს პროცედურული ნაწილი არის მხოლოდ, რაზეც დღეს დღეობის მივიღეთ პასუხი.”– განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად სააკაშვილიც. როგორც მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მისი “ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება.”
“მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს.
ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში.
ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში – უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე!
მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, მინდა რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის.
მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე.” – ამბობს სააკაშვილი.
● მიხეილ სააკაშვილის სტატია Politico-ზე: მე პოლიტპატიმარი ვარ და ვკვდები
● “სააკაშვილი, შესაძლოა, მალე საწოლს მიჯაჭვული გახდეს” – ომბუდსმენის კონსილიუმი საგანგაშო დასკვნას აქვეყნებს
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლომ პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი უთხრა.
მინისტრის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ “სახელმწიფოს ყველა მოქმედება მიხეილ სააკაშვილის შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი”.
მისივე განმარტებით, ექიმების მხრიდან თუ იქნება რეკომენდაცია, რომ შესაძლებელია სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე განაცხადი ერთი თვის წინ, 11 აპრილს გაიგზავნა. მანამდე, 2 აპრილს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” მოინახულა და საგანგაშო დასკვნა გამოაქვეყნა.