ჩეჩენ უფლებადამცველს მარიხუანის შენახვის გამო 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთის შემადგენლობაში არსებული ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკის – ჩეჩნეთის სასამართლომ უფლებადამცველს, უფლებადამცავი ცენტრის „მემორიალის“ ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელს ოიუბ ტიტიევს, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვის საქმეზე, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (კოლონია).
როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს, სასამართლომ ნარკოტიკების შენახვაში ტიტიევის ბრალი დადასტურებულად ცნო, თუმცა გაითვალისწინა ასევე შემამსუბუქებელი გარემოებებიც – დადებითი დახასიათება და ის ფაქტი, რომ უფლებადამცავი მანამდე სისიხლის სამართლის პასუხისგებაში არ ყოფილა.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ტიტიევი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, და ამიტომ მისი დანაშაულისთვის საშუალო სიმძიმის კატეგორიის მიკუთვნება შეიძლება.
სასამართლოში განაჩენის გამოცხადებამ 8 საათზე მეტ ხანს გასტანა.
კოლონია – რუსეთში არსებული პენიტენციური დაწესებულებაა, სადაც პატიმრები საჯელს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდიან, ასევე არიან ისეთი პატიმრები, რომლებმაც მცირე ან საშუალო სიმძიმის დანაშაული პირველად ჩაიდინეს. კოლონიებში მსჯავრდებულები დაცვის გარეშე იმყოფებიან, თუმცა – კოლონიის ადმინისტრაციის მეთვალყურეობის ქვეშ.
დღისით ისინი კოლონიის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლებით სარგებლობენ, და ადმინისტრაციის ნებართვით, კოლონიიდან გასვლაც შეუძლიათ. მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრების ნებართვა არამხოლოდ კოლონიის ტერიტორიზე, არამედ მის გარეთაც. მათ შეუძლიათ თან ჰქონდეთ ფული, ისარგებლონ ჩვეულებრივი ტანსაცმლით, და ა.შ.
წინათ ბრალდება მოითხოვდა, რომ მას 4-წლიანი სასჯელი საერთო რეჟიმის კოლონიაში მოეხადა, და 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა გადაეხადა. გასულ კვირას სასამართლოში ბოლო სიტყვით გამოსვლისას ტიტიევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის მიმართ სისიხლის სამართლის დევნა მის სამართალდამცავ საქმიანობას უკავშირდება:
„როგორც ვიცით, ვინც ეს საქმე შეთითხნა, რვა თვის განმავლობაში ყალბ ჩვენებებს იძლეოდნენ, და ცდილობდნენ ციხეში, რაც შეიძლება დიდი ხნით გამოვემწყვდიე, ყველა მათგანი თავს მუსლიმად მიიჩნევს.
არც ერთი მათგანს ჭეშმარიტების დადგენა არ აინტერესებს, მრცხვენია, როდესაც ვხედავ, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავს მუსლიმებს უწოდებენ, ასე დაეცნენ“.
შეგახსენებთ, რომ ოიუბ ტიტიევი 2018 წლის 9 იანვარს დააკავეს – მაშინ, როდესაც ის სტომატოლოგთან მიღებაზე მიდიოდა. პოლიციის თანამშრომლებმა მის მანქანაში ვითომდა 200 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. თავად ის დანაშაულს არ აღიარებს.
მისი დაცვა ამტკიცებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე კი უბრალოდ შეთითხნილია პოლიტიკური მოტივებით, რათა შეწყდეს „მემორიალის“ საგამომძიებლო და უფლებადაცვითი საქმიანობა, რითაც ოიუბ ტიტიევი იყო დაკავებული.
ტიტიევის დასაცავად არაერთხელ გამოვიდნენ ცნობილი რუსი და საერთაშორისო მოღვაწეები, მის მიმართ სისიხლის სამართლის დევნის შეწყვეტას კი ევროპარლამენტი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოითხოვდნენ.
უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა Amnesty International-მა, „მემორიალმა“ и Humans Rights Watch-მა ტიტიევი პოლიტპატიმრად აღიარეს.