ეუთო მოსკოვს მომხდარზე განმარტების გასაკეთებლად 10 დღის ვადას აძლევს. რა ბრალდებებს უყენებენ ჩეჩნეთის ხელისუფლებას?" />

შეშინებული მშობლები შვილებზე უარს ამბობენ – ჩეჩნეთში უკვე არამარტო უფლებადამცველებსა და ლგბტ თემის წევრებს დევნიან, არამედ მოზარდებსაც

ეუთო მოსკოვს მომხდარზე განმარტების გასაკეთებლად 10 დღის ვადას აძლევს. რა ბრალდებებს უყენებენ ჩეჩნეთის ხელისუფლებას?

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი საარჩევნო უბანზე დაბა ცენტროვაიაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 18 მარტი, 2018. REUTERS/საიდ ცარნაევი

ბოლო კვირაში რამდენიმე მოზარდი, მათი ოჯახები და სამართალდამცავები ხელისუფლების მხრიდან ღია თავდასხმის ობიექტებად იქცნენ.

რესპუბლიკაში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ მკაცრი, ნამდვილ ტერორამდე მისული დევნა არ წყდება

•  იანვარის ანგარიშსწორება – ჟურნალისტური გამოძიება ჩეჩნეთში მომხდარი საიდუმლო მკვლელობების შესახებ

ეუთომ განაცხადა, რომ ეუთოს მუდმივი საბჭოს წევრებს არაერთხელ მიუმართავთ რუსეთის ხელისუფლებისთვის ჩეჩნეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მაგრამ, ეუთოში კანადის მუდმივი წარმომადგენლის, ელჩის, ნატაშა კეიერის თქმით, მოსკოვის რეაქცია „არაადეკვატური“ იყო.

კეიერმა განაცხადა, რომ ამის გამო, ეუთომ გადაწყვიტა, მოსკოვის მიმართ ეგრეთ წოდებული „ვენის მექანიზმი“ აამოქმედოს.

მოსკოვს ათი დღის ვადა მისცეს, რომ ოფიციალურად გასცეს პასუხი ოთხ შეკითხვას:

  1. რა ზომები იქნა მიღებული ფედერალური ხელისუფლების მიერ ჩეჩენი თანამდებობის პირების მხრიდან ეუთოს ფარგლებში ეუთოს ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად?
  2. როგორ იძიებდა რუსეთის ფედერალური ხელისუფლება ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ მომხდარი დარღვევების თაობაზე არსებულ მტკიცებულებებს? ზუსტად რა გზით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ასეთი დარღვევები არ მომხდარა, რადგან ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლები არ არსებობენ?
  3. რა ზომები მიიღო ფედერალურმა ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ თავისუფლად, მათ მიმართ რეპრესიების გარეშე შეძლებოდათ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ მასალის დოკუმენტირება და გადაცემა? კერძოდ, რა ზომები მიიღეს  უფლებადამცავი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთში საქმიანობის უზრუნველსაყოფად?
  4. როგორ გამოიძია რუსეთის ფედერალურმა ხელისუფლებამ თითოეული იმ 27 პირის საქმე, რომლებიც, როგორც იუწყებოდნენ, ექსტრემიზმში ეჭვმიტანილობის გამო დააკავეს და ისინი 2017 წლის იანვარში გროზნოში კანონგარეშე სასჯელაღსრულების მსხვერპლად იქცნენ?

თუკი მოსკოვი ეუთოს არ უპასუხებს, ან მას პასუხი არ დააკმაყოფილებს – შეიქმნება საგანგებო მისია წევრი-ქვეყნის მიერ ეუთოს ვალდებულებების დარღვევის გამოსავლენად.

ზოგიერთი მოზარდი მოკლულია, ზოგი – ნაცემი, მათ ოჯახებს კი ჩეჩნეთიდან დევნიან

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ რეაგირება მოხდინა გროზნოში 20 აგვისტოს  პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმის სერიაზე, რომელიც, როგორც ჩეჩნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, 11-დან 17 წლამდე მოზარდების ჯგუფმა ჩაიდინა. დაზარალდა ხუთი პოლიციელი და ორი გამვლელი. თავდამსხმელთაგან ოთხი მოზარდი მოკლეს, ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც გამოცემა „ახლანდელი დრო წერს, ერთ-ერთი თავდამსხმელის მამამ, მერის ყოფილმა მოადგილემ რამზან მუსაევმა, როდესაც თავისი მოკლული ვაჟის სხეულთან იდგა, შვილი საჯაროდ დაწყევლა.

„დაე, ჯოჯოხეთის ცეცხლის ლურჯ ალში იწვოდეთ! არც დედას უჯერებდა და არც მამას, დღეს კი მეც და ჩემი ოჯახიც შეგვარცხვინა. ასეთი ვაჟი მე არ მჭირდება“, – ამბობდა ის.

მუსაევის ვაჟს, 18 წლის მაგომედს, ჩეჩნეთში ახლახან მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორად მოიხსენიებენ. მაგომედის კომპიუტერში თითქოს ტერაქტის ორგანიზების შესახებ ინფორმაცია აღმოაჩინეს.

საჯაროდ დაგმობა – ერთადერთი რამ არ არის, რაც მოკლული მოზარდების ოჯახებს ელით.

ხელისუფლება „დაბეჯითებით“ მოითხოვს თავდამსხმელთა ოჯახებისგან, რომ მათ ჩეჩნეთი დატოვონ.

პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს ათობით მოზარდი, რომლებსაც შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეთ პოლიციელებზე თავდამსხმელებთან. დაკავებულებს მობილურ ტელეფონებს, პლანშეტებსა და ნოუთბუკებს ართმევენ და უმოწმებენ.

გარდა ამისა, პოლიციაში მიჰყავთ პოლიციელებზე თავდამსხმელი მოზარდების მშობლები და ნათესავები. როგორც გამოცემა „ახლანდელი დროს“ წყაროები ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაძლო დევნის გამო, რესპუბლიკაში მომხდარის შესახებ ლაპარაკის ეშინიათ.

უფლებადამცველებზე ზეწოლა

ოიუბ ტიტიევი, უფლებადამცველი ჯგუფის „მემორიალის“ წარმომადგენელი  ჩეჩნეთში 2018 წლის იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ფოტო გადაღებულია  2018წლის 19 ივლისს, REUTERS/ საიდ ცარნაევი

საერთაშორისო სამართალდამცავმა ორგანიზაციებმა Amnesty International-მა, Human Rights Watch-მა და Front Line Defenders-მა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც სთხოვენ მას, რომ დაგმოს ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადება და ჩეჩენ ლიდერს „უფლებადამცველების მიმართ მუქარების განცხორციელების“ ნება არ მისცეს.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს კადიროვმა ტერორისტების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ „უფლებადამცველები მათზე უარესები არიან“.

„ის ვინც ამ მიმართულებას უჭერს მხარს (ძალოვნების კრიტიკას) – უფლებადამცავი, გაერო, ეუთო – ის ნომერ პირველი მტერია“, – თქვა კადიროვმა შეხვედრაზე, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელი“.

„გროზნოს „მემორიალის“ ხელმძღვანელის ოიუბ ტიტიევის სასამართლოს დასრულების შემდეგ ჩეჩნეთი უფლებადამცველებისთვის „აკრძალული ტერიტორია“ გახდება“, – თქვა კადიროვმა, „რადიო თავისუფლების“ ცნობით.

უფლებადამცავი ცენტრის „მემორიალის „ ჩეჩენი წარმომადგენელი ოიუბ ტიტიევი შესაძლოა 10 წლით დააპატიმრონ

უფლებადამცავი ორგანიზაციების მიერ მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, ხოლო უფლებადამცველების მიმართ, რომლებიც ამ დარღვევებს აფიქსირებენ, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას „უკიდურესად მტრული“ დამოკიდებულება აქვს.  

მიმართვის ავტორებმა ასევე მოუწოდეს პრეზიდენტ პუტინს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოიუბ ტიტიევი.

ამას პუტინის პასუხი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ