ჩეჩნეთში ავარიაში დაღუპულების ნათესავები დამნაშავის, კადიროვის ბიძაშვილის შეწყალებას ითხოვენ
გროზნოში მომხდარი ავარიის მსხვერპლთა ნათესავებმა, მაშინ როდესაც ამ ავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა, საჯაროდ სთხოვეს ჩეჩნეთის (რუსეთის შემადგენლობაში არსებული რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში) პრეზიდენტს, რომ სავარაუდო დამნაშავე – მისი ბიძაშვილი – არ დაესაჯა.
ავარია გროზნოში 5 დეკემბერს ღამით მოხდა. „მერსედესის“ მძღოლი ავტომობილ ВАЗ-2107-ს შეასკდა, რის შედეგადაც ყველა მგზავრი, მათ შორის ორი წლის ბავშვი დაიღუპა. „მერსედესის“ მძღოლი არ დაზიანებულა.
როგორც „კავკაზსკი უზელი“ იუწყება, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ავარიის მიზეზად მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი, რამზან კადიროვის ბიძაშვილი, შალინის რაიონის ხელმძღვანელი, ტურპალ-ალი იბრაგიმოვი დაასახელეს. თუმცა, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო, და განაცხადა, რომ ავარიაში დამნაშავე სხვა ადამიანია, და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
• ჩეჩნეთში ხელისუფლება რამზან კადიროვის ოჯახური ბიზნესივითაა
• რაში სჭირდება კრემლს რამზან კადიროვი
დაღუპულთა ნათესავები 13 დეკემბერს რელიგიურ მოღვაწეს, რელიგიის საკითხებში კადიროვის მრჩეველს, ადამ შაჰიდოვს შეხვდნენ. შეხვედრის დროს ავარიის მსხვერპლთა ნათესავებმა საჯაროდ მიმართეს კადიროვს მოწოდებით, რომ ტურპალ-ალი იბრაგიმოვი არ დაესაჯა.
დაღუპულთა ნათესავების მიმართვის ვიდეოჩანაწერი 15 დეკემბერს თავად შაჰიდოვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. პოსტისთვის დართულ ტექსტში ჩინოვნიკის ავარიასთან კავშირს ის ღიად აღიარებს. კადიროვის მრჩეველი დაღუპულთა ნათესავების მიმართვას მიესალმება, და იმედოვნებს, რომ რესპუბლიკის მეთაური მათ თხოვნას გამოეხმაურება.
როგორც „კავკაზსკი უზელი“ აღნიშნავს, „ჩეჩნეთში პატიების შესახებ ამ მუდმივ თხოვნებს არცთუ ნებაყოფლობითი ხასიათი აქვს“. თუმცა ხაზს უსვამს იმასაც, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დამნაშავის შეწყალების შესახებ ავარიის მსხვერპლთა ნათესავების თხოვნა, შეიძლებოდა, იძულებით ყოფილიყო გამოწვეული.
7 დეკემბრიდან ჩეჩნეთის მაცხოვრებლები WhatsApp-ით ავრცელებენ ჩეჩნეთის მეთაურის ხელქვეითების წინაშე ერთ-ერთი გამოსვლის ჩანაწერს, სადაც ის, მასთან ნათესაური კავშირის, დაკავებული თანამდებობისა და წოდებების მიუხედავად, ავარიაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.
ჩეჩნეთის მოსახლეობას საფუძველი აქვს, რომ არ ენდობოდნენ ხელისუფლების ოფიციალურ ცნობებს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, რომელშიც მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები ან კადიროვის გარემოცვის წევრები არიან გარეულები, – მიაჩნია ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ასლანს. „ადამიანებს არ სჯერათ, რადგან არსებობს პრეცედენტები“, – განუცხადა „კავკაზსკი უზელს“ ასლანმა.
ის მოჰყვა ადამიანების სიკვდილით დასრულებული რამდენიმე ავტოავარიის შემთხვევის შესახებ, რომლებშიც დამნაშავეები კადიროვის ახლო გარემოცვის წევრები იყვნენ, და რომელთა შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებიათ. ასეთ ავარიებს შორის იყო გუდერმესის რაიონში მომხდარი შემთხვევა. „მსხვერპლი მაშინაც იყო, თავად დამნაშავემაც მძიმე ტრავმები მიიღო და საზღვარგარეთ მკურნალობდა. ეს ფაქტი მიჩქმალეს. ახლა კი ავარია გროზნოში, არის მსხვერპლი, ხელისუფლება კი, რამდენიმე დღეა, დუმს, და მხოლოდ მესამე დღეს აცხადებს საკუთარ ვერსიას. რასაკვირველია, ეს უნდობლობას იწვევს“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
„პრობლემების სისტემატურად მიჩქმალვითა და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევით საქმე იქამდე მივიდა, რომ რესპუბლიკის მაცხოვრებლებს ხელისუფლების არ სჯერათ, და მათგან სანდო ინფორმაციას არ მოელიან“, – ასეთი კომენტარი გააკეთა გროზნოში მომხდარი გახმაურებული ავარიის ირგვლივ სოციალური ქსელებში გამართული მსჯელობის შესახებ „კავკაზსკი უზელისთვის“ რუსმა პოლიტოლოგმა დმიტრი ორეშკინმა. დამოუკიდებელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების არარსებობამ ჩეჩნეთის მოსახლეობა აიძულა, დაიჯერონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, – მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსეი მალაშენკოს.