ანალენა ბერბოკი: ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს
ანალენა ბერბოკი საქართველოს პროევროპულ კურსზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ არის მცდელობები, საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას საუბარი შეეხება იმ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადადგას კანდიდატი სტატუსის მისაღებად. ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოსახლეობის მკაფიო მიზანია.
ანალენა ბერბოკი ხაზს უსვამს, რომ გასული კვირების განმავლობაში ქართველები თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.
“ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლების ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად. ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა მხოლოდ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, არამედ განსაკუთრებით თავისუფალ მედიაგარემოს, დინამიკური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დებატებს იმ შემთხვევაში კი, როცა პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ – ევროკავშირის აღნიშნული ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზის შემოკლება დაუშვებელია.” – აღნიშნულია ბერბოკის განცხადებაში.
● HERITAGE FOUNDATION: ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა
● “შეიძლება ევროპა მართლაც არ არის სათქვენო” – დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
23 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოს ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი. მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.
გერმანელი დიპლომატის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი, ჯეიმს ქლევერლიც ეწვია.
ჯეიმს ქლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დემოკრატიის გასამყარებლად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მოუწოდებს, რომ მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით ვალდებულებები გააძლიეროს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრის ფონზე მოლდოვასა და საქართველოს ფინანსურად დაეხმარება. საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი ორ ქვეყანაში ვიზიტისას ფინანსურ დახმარებას აანონსებს რაც მოლდოვაში ეკონომიკურ რეფორმებს, ხოლო საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.