ბრიტანეთის საგარეო მდივანი: გააძლიერეთ ვალდებულებები მედიის თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე
ბრიტანეთის საგარეო მდივანი საქართველოშია
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯეიმს ქლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დემოკრატიის გასამყარებლად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მოუწოდებს, რომ მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით ვალდებულებები გააძლიეროს.
“1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველომ დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა. იმისთვის, რომ დემოკრატია გამყარდეს და თქვენი ინსტიტუტები გაძლიერდეს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, რომ ძირი გამოუთხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მედიის თავისუფლებასთან, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ საქართველოს ურყევ და მტკიცე მეგობრად დავრჩებით”. – თქვა ჯეიმს ქლევერლიმ თბილისში ვიზიტის დროს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრის ფონზე მოლდოვასა და საქართველოს ფინანსურად დაეხმარება. საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი ორ ქვეყანაში ვიზიტისას ფინანსურ დახმარებას აანონსებს რაც მოლდოვაში ეკონომიკურ რეფორმებს, ხოლო საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.
ბრიტანეთი დამატებით 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოლდოვაში ეკონომიკისა და მმართველობის რეფორმების მხარდასაჭერად, ხოლო საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების უსაფრთხოებისთვის 500 000 ფუნტს გამოყოფს.
ჯეიმს ქლევერლის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უწყვეტად განაგრძობს. ქლევერლიმ განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
● HERITAGE FOUNDATION: ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა
● “შეიძლება ევროპა მართლაც არ არის სათქვენო” – დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
● “შეიძლება, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ” – საქართველოს პრემიერის ინტერვიუ. კიდევ რა თქვა ღარიბაშვილმა
მოლდოვის შემდეგ ჯეიმს ქლევერლი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის საგარეო მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შემდეგ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
ვიზიტამდე ბრიტანეთის საგარეო მდივანმა განაცხადა, რომ “გაერთიანებული სამეფო გვერდით არ გადგება, სანამ მოსკოვი უხეშად უთხრის ძირს მათ დემოკრატიას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”.
მისივე თქმით, მოლდოვა და საქართველო მოწყვლადები არიან, ვინაიდან “კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკები, აგრესია” და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობები მათზე გავლენას ახდენს.