HERITAGE FOUNDATION: ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა
ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი საქართველოში
ამერიკული საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრი Heritage Foundation 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ საქართველო რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს – ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია. ერთ წელიწადში საქართველო საერთაშორისო რეიტინგის 26-ე პოზიციიდან 35-მდე ჩამოქვეითდა.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, ესენია:
- კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, ხელისუფლების ერთიანობა, მართლმსაჯულების ეფექტიანობა);
- მთავრობის ზომა (სახელმწიფო ხარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური სტაბილურობა);
- რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
- საბაზრო თავისუფლება (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2-ში კი უცვლელად დარჩა. შეფასება მხოლოდ ორ კრიტერიუმში გაუმჯობესდა. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო “ზომიერად ღია” ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, მეორეს – შვეიცარია, მესამეს კი – ირლანდია. ბოლო ადგილებს ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და კუბა ინაწილებენ.
● საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა
● რატომ არ ვითარდება ბიზნესი სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებს შორის? სამი ამბავი
● საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ორგანიზაციების მიხედვით
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეიტინგში 9 ადგილით ჩამოქვეითდა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა კვლავ მოწინავე პოზიციებზეა.
პაპუაშვილი კვლავ ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლოდ უთხრეს.
“ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კვლევის თანახმად, სხვა პარამეტრებთან ერთად, მართლმსაჯულების ეფექტიანობითაც, საქართველოს, მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალი შედეგი აქვს ეს კვლევა, ისევე როგორც იანვარში ევროკომისიის მიერ გასაჯაროებული საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საბოლოო შეფასებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად უსამართლო იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა”, – წერს პაპუაშვილი.