რეფერენტული ფასები განისაზღვრა: რომელ მედიკამენტებს შეეხო ღირებულების ზედა ზღვარი
რეფერენტული ფასები განისაზღვრა
15 იანვრიდან საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, რაც სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ფასის დაწესებას გულისხმობს, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია – იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე – ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.
საქართველოს პარლამენტმა გასული წლის პირველ დეკემბერს მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, რომელიც წამლებზე რეფერენტული ფასების, ანუ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ფასის დაწესებას გულისხმობს.
რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე დაახლოებით 1000-1200 მედიკამენტს შეეხება. ხოლო ამ მექანიზმის შემოტანა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, დღეს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასებს სავარაუდოდ 40%-ით შეამცირებს.
თავად ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე სახელმწიფოს დადგენილი ფასების დამრღვევს გაფრთხილებენ, ხოლო მეორე ეტაპზე ჯარიმა დაეკისრება.
როგორც აზარაშვილი ამბობს, ქვეყნების იდენტიფიცირება, რომელთა საფუძველზეც რეფერენტული ფასის განსაზღვრა მოხდება, ახლა მიმდინარეობს. შეირჩევა 4-5 ქვეყანა, რის შემდეგაც განისაზღვრება მაქსიმალური ზღვარი მედიკამენტების გასაყიდ ფასთან დაკავშირებით.
გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, თუ რომელ კონკრეტულ მედიკამენტის ფასს დაარეგულირებს მთავრობა პირველ ეტაპზე. შესაბამისად, მთავრობამ განსაზღვრა ღირებულების ზედა ზღვარი, რაზე მაღალ ფასადაც კონკრეტული მედიკამენტი ვეღარ გაიყიდება.
იანვრიდან რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შეეხება, მეორე კვარტლიდან ნებისმიერ სხვა სარეცეპტო მედიკამენტს, ხოლო წლის ბოლომდე ყველაზე გავრცელდება.
ამ მედიკამენტებს შორისაა: amiodarone, amlodipine, amoxicillin, atorvastatin, azithromycin, bicalutamide, bisoprolol, budesonide, capecitabine, carbamazepine, carboplatin, levothyroxine sodium, lamotrigine და ა.შ. დადგენილებაში მითითებულია ასევე, რა უნდა იყოს კონკრეტული მედიკამენტის ღირებულების ზედა ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც აფთიაქი წამალს ვერ გაყიდის.
● “დედა თითქოს პატარა გოგო იყო, ასე გრძნობდა თავს”. როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები დემენციით
● თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი “სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეზე დააკავეს
● “ერთი გოგო მთელი დღე იდგა და ტიროდა” – კოვიდ-კლინიკაში მომუშავე ექიმების და ექთნების მონოლოგები
წამლის ფასების შესახებ საქართველოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ. წამლები საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე 2021 წლის ნოემბერში ამბობდა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის დიდი ტვირთია და “ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.”
იმავე 2021 წელს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ.
“გენერიკული მედიკამენტები” საერთაშორისო სახელწოდებით გამოშვებული წამლებია, რომელიც მოქმედების მექანიზმით არ განსხვავდება ფარმაცევტული ფირმების მიერ დაპატენტებული სხვადასხვა სახელწოდებით წარმოებული მედიკამენტებისგან. განსხვავება მხოლოდ ფასშია: “გენერიკული მედიკამენტები” უფრო იაფია და ამდენად, უფრო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.
სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტი 2016-2020 წლებში საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდა.