დამცირება, ღირსებისა და პატივის შელახვა - ჯეირანოვას საქმეზე ოთხ პირს პატიმრობა მიესაჯა
ჯეირანოვას საქმე
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
9 წლის წინ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებმა ღალატის ბრალდებით სახლიდან გამოიყვანეს, სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ორი დღის შემდეგ, ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს.
● “მეც შვილი ვარ”. როგორ იბრძვიან საქართველოში ქალები მშობლების მემკვიდრეობისთვის
● რისთვის იბრძვიან ქალები? ყველაზე მარტივი კითხვები ფემინიზმზე
● “სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე”. დღიური, რომელსაც ნინი თვითმკვლელობამდე წერდა, ახლა პოლიციაშია
უწყების განმარტებით, ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო.
“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს ასევე ერთ პირს, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება