ამერიკის ელჩი: მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება
მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის უვადოდ არჩევას ეხმაურება და ამბობს, რომ “ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ დაიცვას დემოკრატია.” ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. კელი დეგნანმა აღნიშნა ისიც, რომ ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას, სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს.
დეგნანის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთია ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან და არა მხოლოდ, “ის არის ასოცირების შეთანხმებაშიც, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს.” მისივე განმარტებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ნებისმიერი დემოკრატიისთვის:
“ნათელია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის პროცესი საჭიროა იყოს ფართო, ინკლუზიური და მასში უნდა მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, ასევე დაინტერესებული მხარეები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ, არამედ იმიტომაც, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი იდეები და მოსაზრებები, თუ როგორ გაუმჯობესდეს საქართველოს მართლმსაჯულება.”
აშშ-ს ელჩი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მოსამართლე არის ერთგული პროფესიონალი, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ნებისმიერ სახის ჩარევის გარეშე. მისი თქმით, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე.
“მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არ არიან საკმარისი მოსამართლეები, ზოგან ზედმეტად ბევრია. რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით.” – ამბობს კელი დეგნანი.
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
● კელი დეგნანი: იმედგაცრუებულები ვართ მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო
● ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 75% უჭერს, ნატოში – 69%. NDI-ს ახალი კვლევის მთავარი მიგნებები
არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვედრილი და ე.წ. სასამართლო კლანის წევრები, დიმიტრი გვირტიშვილის და ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წევრებად 23 ოქტომბერს აირჩია. საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვირტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლოში არსებულ ყველა პრობლემას აბრალებდნენ, მან კი გადაწყვიტა, რომ “პირადად უპასუხოს ბრალდებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს”.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ევროკომისიის გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, სადაც ერთ-ერთი პირობა სწორედ სასამართლო რეფორმაა.
“უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ინსტიტუციური ჯაჭვის ნებისმიერ რგოლზე, ასევე უზრუნველყოფილი იქნას ძალაუფლების განაწილება.უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტების, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი, გამართული ფუნქციონირება და აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი ხარვეზი, მათ შორის ყველა დონის მოსამართლისა და გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენა.
განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.” – წერია ევროკომისიის დოკუმენტში.