დედაქალაქის მერი: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო
დედაქალაქის მერი ვაკის პარკის ტრაგედიაზე
თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი მოინახულა.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა – ვაკის პარკში დენმა დაარტყა ორ მოზარდს, რომლებიც შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას გული გაუჩერდა. მეორე მოზარდის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კომპანია, რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა, 2013 წელს ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, მისი დამფუძნებლები კი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააპატიმრეს.
გამოძიება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ კორუფციულ დანაშაულს იძიებდა. საქმეში იკვეთებოდა, რომ ყოფილმა ჩინოვნიკებმა – ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ 2007 წელს თავიანთი ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს “გრინსერვისი“, სინამდვილეში კი კომპანიის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები თავად იყვნენ.
ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა და მთელი ამ სქემის ნამდვილობა აღიარა. იგი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი ორი წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.
იმის ნაცვლად, რომ კორუფციაში მხილებული კომპანიისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აეკრძალა, “ქართულმა ოცნებამ” ფურცხვანიძესთან ურთიერთობა აღადგინა. ოღონდ ამჯერად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა არა “გრინსერვისი”, რომლის წინააღმდეგ იყო საქმე აღძრული, არამედ “გრინსერვის+” (იგივე კომპანია შეცვლილი სახელით).
2013 წლის იანვრიდან “გრინსერვის +” მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან.
ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რა დროსაც 13 წლის მოზარდი, მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, კალაძემ განაცხადა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც.” – განაცხადა კალაძემ.
● რა ვიცით კომპანიაზე, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა
სპეციალური განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. უწყების ცნობით, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, ვაკის სამმართველოში იკითხებიან შპს გრინსერვის პლუსის დირექტორი, დამფუძნებლები და სხვა თანამშრომლები. ასევე გამოიკითხებიან ის პირებიც, ვინც დასრულებულ ობიექტს ექსპერტიზა ჩაუტარა.
“გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს. გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.