სადამკვირვებლო ორგანიზაციები: ახალი ცვლილებები არჩევნების შედეგების მიმართ ნდობას კიდევ უფრო შეასუსტებს
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
საქართველოს სამი წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია), „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს.
ორგანიზაციების შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვნად ზღუდავს არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, ასუსტებს საარჩევნო პროცესზე კონტროლს და საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს კიდევ უფრო ცენტრალიზებულს ხდის.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების წესის შეცვლაა. კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოში ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მექანიკური და ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით იქნება შესაძლებელი.
ორგანიზაციების შეფასებით, ეს შეზღუდვა გამორიცხავს არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით ისეთი სისტემური დარღვევების განხილვას, რომლებმაც შესაძლოა, ერთობლივად გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.
„ამგვარი შეზღუდვა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე გამორიცხავს სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი ერთობლივი გავლენის შესახებ დავას“, – ნათქვამია სამი ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.
მათი განმარტებით, საარჩევნო დარღვევების სისტემური ხასიათი და მასშტაბი შესაძლოა მხოლოდ სხვადასხვა უბნის მონაცემებისა და მთლიანად საარჩევნო პროცესის ერთობლივი ანალიზით გამოვლინდეს. შესაბამისად, ცალკეულ საარჩევნო უბნებზე დავის შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს არჩევნების საბოლოო შედეგების სრულფასოვან სასამართლო კონტროლს.
ორგანიზაციები ასევე აკრიტიკებენ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ხუთი საარჩევნო უბნის შედეგების სავალდებულო გადათვლის გაუქმებას. მათი შეფასებით, ეს ცვლილება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას შეამცირებს და ოფიციალური შედეგების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას კიდევ უფრო დააზიანებს.
კიდევ ერთი სადავო ცვლილება სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს ეხება. ინიციატივის მიხედვით, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად გადაეცემა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამგვარი მიდგომა ზრდის სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღების რისკს, რადგან პროცესში კომისიის სხვა წევრები, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წარმომადგენლები, მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევენ მეორე ტურისთვის დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციის ვადის შემცირებასაც. მათი შეფასებით, ამან შესაძლოა, საარჩევნო სუბიექტებს, დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალოს.
კრიტიკის საგანია უფასო სარეკლამო დროის განაწილების წესის ცვლილებაც. ორგანიზაციების განცხადებით, შემოთავაზებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ისედაც არსებული შესაძლებლობების უთანასწორობა კიდევ უფრო გააღრმაოს და პოლიტიკური პლურალიზმი დააზიანოს.
საია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ISFED აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას წინ არ უძღოდა საჯარო დისკუსია და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციები. მათი შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მიერ დადგენილ საარჩევნო სტანდარტებს.
ორგანიზაციები ინიციატივას ბოლო წლებში საქართველოში დამკვიდრებული კანონშემოქმედებითი პრაქტიკის კონტექსტშიც განიხილავენ. მათი განცხადებით, სამართლებრივი წესები სულ უფრო მეტად ერგება მმართველი ჯგუფის ინტერესებს, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები თანმიმდევრულად სუსტდება.
„ქმედითი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების გარეშე სახელმწიფო კარგავს საზოგადოებრივ ნდობას და საერთო ინტერესების დაცვის ნაცვლად ვიწრო ჯგუფური ინტერესების გამტარებელ სისტემად გარდაიქმნება“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
კოკრეტულად რა იცვლება საარჩევნო კოდექსში
„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უკვე ინიცირებული აქვს პარლამენტში.
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები:
● საოლქო კომისიები არჩევნების შედეგებს აღარ შეაჯამებენ: საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები პირდაპირ ცესკოს გადაეგზავნება, სადაც არჩევნების შედეგები საბოლოოდ შეჯამდება.
● ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების საფუძვლები შეიზღუდება: ოქმის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში არასწორად ან არასრულად აისახება საუბნო კომისიების მონაცემები ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. სხვა საფუძვლით წარდგენილი სარჩელი სასამართლოში არ მიიღება.
● უქმდება ხუთი საარჩევნო უბნის შემთხვევითი გადათვლის ვალდებულება: აქამდე საოლქო კომისიებს არჩევნებიდან ექვსი დღის განმავლობაში შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ხუთი უბნის შედეგები ხელახლა უნდა გადაეთვალათ.
● არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა მცირდება: ცესკოს ყველა არჩევნების შედეგების შესაჯამებლად მაქსიმუმ 15 დღე ექნება. აქამდე საპარლამენტო არჩევნებისა და თბილისის არჩევნებისთვის ეს ვადა 26 დღეს შეადგენდა.
● არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ფინანსური ანგარიშგების ვადა მცირდება: პარტია, რომელიც წინასწარი მონაცემებით კანონით განსაზღვრულ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, არჩევნებზე გაწეული ხარჯების შესახებ ანგარიშს აუდიტის სამსახურს არაუგვიანეს ხუთი დღისა წარუდგენს. აქამდე ვადა 12 დღე იყო.
● იცვლება საარჩევნო სუბიექტების ფინანსური დარღვევების შედეგები: თუ აუდიტის სამსახური არსებით დარღვევას გამოავლენს, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლო, ცესკოს სასამართლოსთვის მიმართვისა და შესაბამისი პარტიის ხმების გაუთვალისწინებლად შედეგების შეჯამების შესაძლებლობა ექნება.
● ტელევიზიებსა და გაზეთებს პარტიების გამოუყენებელი სარეკლამო დროის გადანაწილება აეკრძალებათ: თუ საარჩევნო სუბიექტი მისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროს არ გამოიყენებს, მაუწყებელი ან გაზეთი ამ დროს სხვა პარტიას ვეღარ გადასცემს.
● მკაცრდება პოლიტიკური რეკლამის გაფორმების მოთხოვნები: რეკლამის ბოლო წამზე აუცილებლად უნდა ჩანდეს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და ნომერი. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მაუწყებელს რეკლამის ეთერში გაშვება აეკრძალება.