ფაულერი: საქართველოს ორმაგი ტვირთი აქვს – დამოკიდებულია რუსულ ხორბალზე და ჩანაცვლება ფქვილით უწევს
საქართველოს ორმაგი ტვირთი აქვს
“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი, დოქტორი კერი ფაულერი ამბობს, რომ საქართველოს ორმაგი ტვირთი აქვს – ერთი მხრივ, ის დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე, მეორე მხრივ კი ამ პერიოდში ხორბლის ჩანაცვლება უფრო ძვირი ფქვილის იმპორტით უწევს.
“საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში, დაახლოებით, ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ეწევა და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის. ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანას, რომელიც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, სურს ამას თავი დააღწიოს და იყოს მასზე ნაკლებად დამოკიდებული.” – ამბობს ფაულერი.
მისივე განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა. ფაულერის თქმით, ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, რამაც რამდენიმე ქვეყანა უკვე აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს, “განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია.”
“ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით”. – თქვა ფაულერმა.
კერი ფაულერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, დაახლოებით, $6 მილიარდის დახმარება გაუწია და მასში წილი სასოფლო-სამეურნეო პროგრამებსაც აქვს:
“სასოფლო-სამეურნეო პროგრამები 4-5 წლიანი მიმდინარე პროგრამებია და მათთვის დაახლოებით, 23 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ასევე, 5 მილიონი დოლარია გამოყოფილი პროგრამაზე, რომელიც მავნე მწერების ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ ამ პროგრამებს ვაკვირდებით ეფექტურობის შესაფასებლად და საქართველოს დახმარების გზების გასაუმჯობესებლად.”
საქართველო საწვავზე ასი პროცენტით, ხორბალზე კი 85-90 პროცენტით იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. საქსტატის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი – პური 27 პროცენტით გაძვირდა, სხვა პურ-პროდუქტები 29 პროცენტით.
პურის გაძვირება საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება, ასევე კიდევ ერთი და უმთავრესი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. ამ ორ ქვეყანაზე ჯამში ხორბლის ექსპორტის 30 პროცენტი მოდის. ამ დროისათვის უკრაინის პორტებში 22 მლნ ტონა ხორბალია ბლოკირებული, რაც 100 მლნ ადამიანის წლიურ მოხმარებას უთანაბრდება. შეთანხმების შემდეგ მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა უკრაინულმა გემმა თურქეთში მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში ჩააღწია.