526 პროცენტიანი ზრდა: ოქტომბერში რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 114.5 მილიონი დოლარი დახარჯეს
526 პროცენტიანი ზრდა
ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ოქტომბრის თვეში რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 114.5 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 526 პროცენტით მეტია.
საერთო ჯამში, საქართველომ ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურებიდან 337 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, წლიური ზრდა კი 137 პროცენტია.
ოქტომბერში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:
- რუსეთი – $114.5 მლნ;
- ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი – $33.7 მლნ;
- თურქეთი – $33.6 მლნ;
- უკრაინა – $29.3 მლნ;
- ისრაელი – $27.7 მლნ;
- სომხეთი – $13.5 მლნ;
- ბელარუსი – $12.3 მლნ;
- აზერბაიჯანი – $9.4 მლნ;
- ირანი – $6.7 მლნ;
- საუდის არაბეთი -$5.2 მლნ.
ოქტომბერში გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად.
რაც შეეხებათ ბელარუსის მოქალაქეებს, სებ-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან აგვისტოს ჩათვლით ბელარუსიდან, მოსალოდნელთან შედარებით, 13,000 ადამიანით მეტი შემოვიდა
ამ შეფასებით ეროვნული ბანკი მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნას ცდილობს, რადგან უკრაინაში ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ხარჯები ტურიზმის სტატისტიკაში აისახება.
სებ-ის განმარტებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს, საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან ვიზიტორთა ნაკადების ზრდა მოჰყვა. თავის მხრივ, ვიზიტორთა გაზრდილმა შემოდინებამ განთავსებისა და კვების სექტორის მომსახურებებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მთლიანობაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდაში აისახა. ამ ეტაპზე, მიგრანტების აღნიშნული ხარჯები, სტატისტიკური მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავლებში აისახება.
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● საქართველოს მთავრობა: 2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს
● საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი არიან
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, ანუ ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443 600 ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 13.7 პროცენტით.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდშიც ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი რუსეთიდან შემოვიდა, რამაც მაშინ მთლიანი ვიზიტორების 24.9 პროცენტი შეადგინა.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.