15 ივნისს სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 15 ივნისს ერევანი-ბათუმი-თბილისის სარკინიგზო რეისი, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო, ისევ შესრულდება.
„აღდგა სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის, უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი- თბილისის გავლით დაიძვრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქს სხვა ტურისტულ ადგილებს”, – ამბობს თურნავა.
“საქართველოს რკინიგზის” განმარტებით, რეისზე ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება.
მათივე თქმით, სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება.
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, სომხეთი პირველ ხუთეულშია. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის აპრილში საქართველოში სომხეთიდან 8 331 ვიზიტორი შემოვიდა, ზრდა წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტია.
___________________________________
● საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის. დეტალური გიდი უცხოელი ვიზიტორებისთვის
● საქართველოს მთავრობამ უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის ახალი წესები შეიმუშავა
● ზაფხული ახლოვდება. ჩამოვლენ თუ არა ტურისტები საქართველოში?
_________________________________
საქართველომ სახმელეთო საზღვრები პირველ ივნისს გახსნა. საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლის წინ, 2020 წლის 15 მარტიდან ჩაკეტა.
ჩაკეტილ საზღვრებს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევდნენ ტურიზმის სექტორში დასაქმებულები, რადგან ამბობდნენ, რომ საქართველოში ტურისტების უმეტესობა სახმელეთო საზღვრებით შემოდის.
ტურიზმის სექტორი, რომელსაც მწვავე კრიზისი აქვს, სხვა ტიპის შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დიდი ხანია ითხოვდა სახმელეთო საზღვრების გახსნასაც.
როგორც ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ამბობენ, ჯერჯერობით ბუნდოვანია, თუ რა პერსპექტივა აქვს ტურიზმს ზაფხულში.
ამ ეტაპზე საქართველოში ჯერ ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი (რასაც ასევე გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევენ ტურიზმის სექტორში). 7 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა.