თებერვლიდან საქართველოში შემოსვლა ახალი, გამარტივებული წესებით მოხდება
საქართველოს მთავრობამ უცხოელი ვიზიტორებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის ახალი წესები შეიმუშავა.
წესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდება:
წესები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან
პირველი თებერვლიდან ტურისტებს საზღვრის გადმოკვეთა 2 სახის დოკუმენტით შეეძლებათ.
ვაქცინირებული ვიზიტორები უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ – საზღვარზე მათ ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (რაც ნიშნავს ვაქცინის 2 სრულ დოზას) დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ. ეს ეხება ყველა ქვეყნის მოქალაქეს.
არავაქცინირებულ ვიზიტორებს – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, თან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი. მათ აღარ მოუწევთ თვით იზოლაცია. თუმცა, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ საქართველოში შემოსვლიდან მე-3 დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი საკუთარი ხარჯით.
“მათ ექნებათ შესაძლებლობა მესამე დღეს ჩაიტარონ პისიარ ტესტი, კომფორტულად შემოვიდნენ და იგრძნონ თავი საქართველოში” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
“ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტში ნეგატიური პასუხი ან კოვიდვაქციინის დამადასტურებელი დოკუმენტი“, – აღნიშნა მინისტრმა
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოელებისთვის შემოღებული წესი არის “მნიშვნელოვანი ინოვაცია”, რომელიც ქვეყანაში ტურიზმს დააბრუნებს:
“ეს წესები გვაძლევს საშუალებას, შემდეგი კვირიდან აქტიურად დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან, ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რომ… დავიწყოთ ფიქრი, როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში სწრაფად პირველი ჯგუფები უცხოელი ტურისტების.”
მისი თქმით, ტურიზმისთვის საქართველოს რეგიონები ეტაპობრივად გაიხსნება და პირველ ეტაპზე ეს იქნება აჭარა.
დღემდე მოქმედი წესით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც თვითიზოლაციას ექვემდებარება. ტესტირების პასუხის გარეშე ჩამოსულებისთვის სავალდებულოა კარანტინი.
რას შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილებში არ არიან, მაგალითად რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის – ამ ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ ორი დოზით ვაქცინირებულ მოქალაქეებს მიიღებს. მხოლოდ ტესტის პასუხით ისინი საქართველოში ამ ეტაპზე ვერ შემოვლენ.
წესები უცხოეთიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის
იცვლება წესები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან. მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს ან ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის პასუხი ან საკუთარი ხარჯით უნდა გაიკეთოს PCR ტესტი უკვე საქართველოში შემოსვლისთანავე.
თვითიზოლაცია ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეს ნებისმიერ შემთხვევაში უწევს – თვითიზოლაცია 12 დღის ნაცვლად 8 დღით განისაზღვრა.
თუმცა, მოქალაქეს შეუძლია ეს დრო მინიმუმამდე, სამ დღემდე შეამციროს: თუ თან ექნება ტესტის ნეგატიური პასუხი ან საქართველოში ჩატარებული პირველი PCR ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება, მოქალაქემ სამ დღეში კიდევ ერთხელ უნდა გადაიმეოროს PCR ტესტი და მეორე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეუძლია აღარ იყოს იზოლაციაში.
თურნავამ ავიაკომპანიებს მიმართა და არსებული წესების დაცვისაკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით წესები, რომლითაც საქართველო უცხოელი ვიზიტორების მიღებას გეგმავს, “ინოვაციური მიდგომაა”.
_________________________________________________________________
● თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ძალაში რჩება კომენდანტის საათი
____________________________________________________________________
ბოლოს მოქმედი რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე 12 დღე გადადიოდა თვითიზოლაციაში. შეზღუდვების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს PCR-ს უარყოფითი პასუხის მიუხედავად, 8 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც უწევდა.