საკრებულოს თავმჯდომარე : „ბავშვთა სამყარო“დასანგრევია, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობის კონსტრუქცია დაზიანდა და დაწვარი შენობის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. შენობის სხვა ნაწილის ჩამოშლის საფრთხე კვლავაც არსებობს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობა შიგნიდან მთლიანად დეფორმირებულია. „სამწუხაროდ, შესვლა ვერ ხერხდება, რადგან ბეტონის ფილა დაზიანებულია და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. როგორც ჩანს, შენობა დასანგრევია,“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
13 ათასი კვადრატული მეტრის ფრთობის სავაჭრო ცენტრის დაწვის შედეგად ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ცენტრის დირექტორის განცხადებით, სავარაუდოდ მხოლოდ შენობის დაზიანებით მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა.
სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ფაქტობრივად სრულად განადგურდა ე.წ. ოქროს ბირჟაც. ოქროს მოვაჭრეებს ამ ეტაპზე ზარალის მოცულობაზე საუბარი უჭირთ.
მერიის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შენობაში შენახული ძვირფასეულობა დაცულ მდგომარეობაშია. მისი განცხადებით, ექსპერტები დამწვარი შენობის შესვლას და ტერიტორიის დათვალიერებას მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლებენ, როდესაც შენობის შიგნით ტემოერტურა საკმარისად დაიწევს. შენობიდან ქონების გამოტანის დაწყება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
შენობაში დარჩენილ ოქროსთან დაკავშირებით მცირე დაპირისპირება მოხდა მერიის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შორის. დაზარალებულები ხელისუფლებისგან შენობის დაცვას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ოქროს ნივთების დიდი ნაწილი სეიფებშია მოთავსებული, შესაბამისად, საჭიროა სამართალდამცავების მეთვალყურეობა, რათა გადარჩენილი ნივთების დაკარგვა არ მოხდეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის ვიცე-მერი. ლაშა აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა შენობის მესაკუთრეებსა და დაზარალებულებთან შეხვედრას გამართავს, რათა მათთვის ზარალის მაქსიმალურად შემსუბუქება მოხდეს.
თუმცა, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ზარალს ქალაქის ბიუჯეტი არ აანაზღაურებს. ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრის განადგურებაზე პასუხისმგებლობა მან „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას დააკისრა. როგორც „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და გამოძიების დასრულებას ელოდება. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ზარალმა რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება გამოძიებას, როგორც შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, ცეცხლი შეობაში როგორ გაჩნდა. თუმცა, მისი თქმით, ხანძრის კერა დსავარაუდოდ შენობის გარეთ იყო.
როგორც სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” განაცხდეს, კომპანიაში დაზღვეულია მხოლოდ სააქციო საზოგადოება “ბავშვთა სამყაროს” შენობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. სვაჭრო ცენტრის შემობა 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ცეცხლი გუშინ ღამის 3 საათზე გუჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. ცეცხლის ჩაქროებას 31 სახანძრო დანაყოფი და 251 მეხანძრე ცდილობა,რომლის დროს ორი მეხანძრე დაშავდა. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.