საქართველოს პროკურატურა ტერორიზმში ბრალდებულის ვინაობას საიდუმლოდ ინახავს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და 22 ნოემბერს ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მაგრამ, ბრალდებულის ვინაობა და მოქალაქეობა კვლავაც საიდუმლოდ რჩება.
პროკურორმა ნანა ხუნჭუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებულის სახელსა და მოქალაქეობას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ასაიდუმლოებენ.
“მისი სახელის დასახელება არ შეგვიძლია, რადგან ამ საკითხზე მისი პოზიცია ვიცით. გარდა ამისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ამ ეტაპზე მისი ვინაობის დასახელება”, – განაცხადა მან.
პროკურატურა მხოლოდ მის ინიციალებს აქვეყნებს – ს. დ. და აღნიშნავს, რომ ის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჯერ კიდევ სპეცოპერაციამდე, 21 ნოემბერს არის დაკავებული. მას უკანონოდ შეძენილი იარაღი და ტყვიაწამალი აღმოაჩნდა.
დაკავებულის სახაზინო ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.
პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, რომ “არსებობს დასაბუთებული ვადაუდი, რომ ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. გარდა ამისა, მას ბრალად ედება, რომ ტერორისტული მიზნებით შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტყვია-წამალი”.
მისი თქმით – “გამოძიებამ დაადგინა, რომ ს. დ. შესახლდა ბინაში გაბრიელ სალოსის გამზირზე სამ თანამზრახველთან ერთად, სადაც ტერორისტული მიზნებისთვის შეძენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ტყვია-წამალს და იარაღს ინახავდა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ს. დ.-ს დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა მის თანამზრახველებს დანებება შესთავაზეს, მაგრამ ამის საპასუხოდ, მათ ხელყუმბარები ააფეთქეს და ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სამართალდამცველების მიმართულებით, – აღნიშნავს პროკურატურა.
22-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს განახორციელეს, სამი ტერორიზმში ეჭვმიტანილი იქნა ლიკვიდირებული. ერთ-ერთი მანამდე დააკავეს. მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. სუს-ის ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, სუს-ი არაფერს ამბობს იმაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი და საქართველოში როგორ მოხვდნენ.
ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობა კომენტარებში აღნიშნავს, რომ მომხდარი საერთაშორისო ტერორიზმს უკავშირდება და გამოძიებაამ ფაქტზე არა მხოლოდ საქართველოში,
არამედ საზღვარგარეთაც მიმდინარეობს.
ამავე დროს, ზოგიერთი ექსპერტი და თურქული მედია აღნიშნავენ, რომ თბილისში მოკლულია ახმედ ჩატაევი – “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დანაყოფის ლიდერი, რომელსაც ბრალად სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 2015 წელს ტერაქტის ორგანიზება ედება.
სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში მომდინარეობდა.
მოსამართლე რომან ხორავამ არა მხოლოდ სხდომის დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა დარბაზი, სადაც ის უნდა გამართულიყო. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს იმისთვის გაკეთდა, რათა მედიას ბრალდებული არ დაენახა.
პროკურორ მარშანიას თქმით, მოსამართლემ სხდომა იმის გამო დახურა, რომ ოპერციაში მონაწილე სამართალდამცველების უსაფრთხოება დაეცვა.
სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულის მიმართ აღძრულია “უცხოურ, ან უცხო სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზიაციაში გაერთიანების, ან ტერორისტულ საქმიანობაში მისთვის დახმარების გაწევის” – ასევე, იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით.
სასჯელის სახით ისინი 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 18 იანვრისთვის დაინიშნა.