გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგის გასაჩივრებას გეგმავენ.

“ჩვენი იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომელსაც შევიტანთ ჩვენ სასამართლოში. ჩემი მოთხოვნაა არჩევნები იქნეს ცნობილი ბათილად. ამას არ შევურიგდებით”, — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

REUTERS/ დავით მძინარიშვილი

მან ხელისუფლებას მოუწოდა, კრიზისის დასაძლევად, შექმნან სამუშაო ჯგუფი. ვაშაძემ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შესაქმნელად ვადა 16 დეკემბრამდე მისცა:

“სამოქალაქო დაკვირვების ქვეშ ცივილიზებურად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად, ერთად გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან”.

გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომხრეებს ოპოზიციის მოთხოვნები გააცნო:

•  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები;

•  საარჩევნო სისტემის შეცვლა [ოპოზიცია ითხოვს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სიებით ჩატარდეს და მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს. იგივე რეკომენდაციები აქვთ საერთაშორისო ექსპერტებსაც. ხელისუფლება თანახმაა შეცვალოს კანონმდებლობა, ოღონდ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ მხოლოდ 2024 წელს_JAMnews]

•   საოლქო  საარჩევნო კომისიების გაუქმება, რომელიც ოპოზიციის თქმით, გაყალბების ინსტრუმენტია;

•  საჯარო მოხელეებს უნდა აეკრძალოთ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა.

REUTERS/დავით მძინარიშვილი

მიტინგზე გამოტანილ დიდ ეკრანზე ჰოლანდიიდან სკაიპით ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დისტანციურად აქტიურად მონაწილებს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.

REUTERS/დავით მძინარიშვილი

პირველად სწორედ სააკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას არჩევნების შედეგების არ არაღიარებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ.

28 ნოემბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ წააგო, სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში და ხალხს არჩევნების შედეგების ბოიკოტისკენ, ხოლო პოლიციას და ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, სააკაშვილმა შეარბილა რიტორიკა – ის უკვე აღარ ახსენებს დაუმორჩილებლობას, თუმცა ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა იბრძოლოს.

სააკაშვილის გამოჩენას ეკრანზე ხალხი ოვაციებით შეხვდა.

REUTERS/დავით მძინარიშვილი