კამპანია "ეს შენ გეხება" მოსმენების შესახებ კანონში ხელისუფლების ინიციატივას აპროტესტებს
კამპანია “ეს შენ გეხებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული კანინპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განმარტეს, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი წინადადება შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
საკოსტიტუციო სასამართლომ გასულ წლის აპრილში “ეს შენ გეხება”-ს წევრთა სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წვდომა პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის საფრთხეს ქმნის. სასამართლომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა.
მმართველი პარტიის ინიციატივით ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება უნდა შეიქმნას, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. თუმცა, ახალი სააგენტო სსიპ-ის სტსტუსით ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში უნდა მოექცეს.
სააგენტოს სტატუსი – სააგენტო უნდა შეიქმნას უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და მისი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა/თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს უშუალოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გადაწყვეტს.
სააგენტოს კომპეტენცია – კანონპროექტის თანახმად, სააგენტო თავად ქმნის, იყენებს და აკონტროლებს საკუთარი მოვალეობებისთვის აუცილებელ პროგრამულ და ტექნიკურ საშუალებებს, კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს კერძო პროვაიდერებს, შეუძლია აუდიტის დანიშვნა კერძო კომპანიებში და, შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი დაჯარიმება.
მოსმენების შესახებ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს გამოეხმაურა პრეზიდენტი, რომელიც მიიჩნევს, რომ “ამჯერად მაინც” პარლამენტმა გამართული კანონმდებლობა უნდა მიიღოს, “სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები”.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება კონტროლის მყარი მექანიზმები.
ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში
- 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო რეფორმა, რომლის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), რომელსაც დაეკისრა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის ფუნქციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, სუს-ის უფლებამოსილება უნდა შემოფარგლულიყო დაზვერვითი და ანალიტიკური საქმიანობით, მას საგამოძიებო და საპოლიციო უფლებამოსილებები მიენიჭა. რეფორმამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა შსს-სა და სუს-ს შორის ფუნქციების პოტენციური დუბლირების, აგრეთვე ახლად შექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე სამოქალაქო თუ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შეზღუდული რესურსის გამო.
- 2015 წლის 31 მარტს ამოქმედდა მიყურადების ე. წ. “ორგასაღებიანი” სისტემა, რომლის მიხედვითაც, მიყურადების განსახორციელებლად სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოს ნებართვის გარდა, სჭირდებათ ელექტრონული ნებართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან. ორგასაღებიანი სისტემის არსებობამ მაინც ვერ უზრუნველყო უკანონო მიყურადების სრულფასოვანი პრევენცია, რადგან ძალოვან უწყებებს კვლავ დარჩათ ტექნიკური შესაძლებლობა სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელონ ფარული მიყურადება.
- 2016 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სუს-ის ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმს ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესზე. ერთადერთი ბერკეტი, რაც ამ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს აქვს, არის მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება.
კამპანია “ეს შენ გეხება”
- კამპანია “ეს შენ გეხება” სამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან გაერთიანებულები. კამპანია პირველად 2012 წლის თებერვალში დაიწყო. მაშინ კაპანიის წევრები წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ. კამპანია ხელმეორედ განახლდა 2014 წელს, ამჯერად ფარული მოსმენისა და მიყურადების წინააღმდეგ. 2015 წლის 15 აპრილს, კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრმა ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რასაც 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა. კამპანია კვლავ გააქტიურდა 2016 წლის მარტიდან, ფარული ჩანაწერების გავრცელების და ამ ფორმით პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების წევრების შანტაჟის წინააღმდეგ.