დაკავებული რეპერები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია წინასწარი პატიმრობიდან 50 ათასლარიანი და 20 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
რეპ-დუეტის „ბირჟა მაფიის“ წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და დაკავებას უკავშირებდნენ კლიპს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.
მგალობლიშვილი და ქებურია აცხადებდნენ, რომ დაკავებისას პოლიციელები მათ აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, მართლა ისინი იყვნენ თუ არა აღნიშნული ვიდეოკლიპის ავტორები. (კლიპში პოლიციის ფორმაში ჩაცმულ ადამიანს ყელზე ძაღლის ყელსაბამი აქვს მობმული და პირში ძვალი უდევს).
ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 9 ივნისს შეუფარდა. დღეს, 12 ივნისს ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
თუმცა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ რამდენიმე საგულისხმო ფაქტი უძღოდა.
10 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოძრაობა “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა დაკავებულების მხარდასაჭერად. საქართველოში ხშირად იმართება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით აქციები, თუმცა 10 ივნისის აქცია განსაკუთრებით ხალხმრავალი გამოდგა.
აქციაზე მისული ადამიანები რეპერების დაკავების ფაქტს სიტყვის თავისუფლების ხელყოფად და ცენზურად განიხილავდნენ და ასევე ხელისუფლებისგან არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვდნენ.
აქციის დაწყებიდან ცოტა ხანში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერას ფეისბუკ-გვერდზე გაჩნდა პოსტი, სადაც ბერა, რომელიც თავადაც რეპერია, სოლიდარობას უცხადებდა დაკავებულებს. ივანიშვილს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დიდი გავლენა აქვს და მას დღეს ქვეყნის არაფორმალურ მმართველად მიიჩნევენ, ამიტომ ბერას ფეისბუკ-პოსტი საზოგადოებამ აღიქვა იმის ნიშნად, რომ სამართალდამცავები შეცვლიდნენ თავიანთ პოზიციას რეპერებთან დაკავშირებით.
ბერას პოსტს საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ვიდეომიმართვა მოჰყვა, სადაც კალაძე აცხადებდა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მართლაც უფრო ჰუმანური უნდა გახდეს და ხელისუფლება მზადაა ამაზე იმუშაოს.
მანამდე, იგივე გაიმეორა თავის საგანგებო განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც რეპერების საქმეს ასევე აქციის დღეს გამოეხმაურა. მან თქვა, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა მკაცრია და პარლამენტს კანონმდებლობის დაჩქარებულ რეჟიმში შეცვლისკენ მოუწოდა.
მოვლენების ამგვარად განვითარების შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა – პროკურატურამ, რომელმაც მანამდე რეპერებისთვის ორთვიანი წინასწარ პატიმრობა მოითხოვა, შეცვალა თავისი პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად გირაოს დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება პროკურატურის წარმომადგენლებმა იმით ახსნეს, რომ დაკავებულებმა დაკითხვის დროს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც.
დაკავებული ახალგაზრდები გაათავისუფლეს, თუმცა “რეპერების საქმემ” არაერთი კითხვის ნიშანი წარმოშვა და ქვეყანაში და ხელისუფლებაში არსებული ბევრი პრობლემა წარმოაჩინა, ფიქრობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ” ეს არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემასა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა, ხოლო რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს”.
განცხადებაში წერია, რომ “ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავებას ჰქონდა ,,დაფარული დღის წესრიგი“ – დაესაჯათ პოლიციელის მიმართ კრიტიკული ვიდეომასალის გავრცელებისათვის”.
პროკურატურამ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრების დაკითხვის შემდეგ პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა, “ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციაში” აცხადებენ, რომ ეს კვალიფიკაცია არასწორია და პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით უნდა აღიძრას საქმე, რაც დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს.
რეპერების საქმე უკვე მერამდენე დღეა მთავარი თემაა ქართულ ფეისბუკზეც.
ფეისბუკმომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია და არავის უნდა იჭერდნენ ნარკოტიკის შენახვა-მოხმარების გამო, თუმცა „რეპერების საქმეში“ ნარკოპოლიტიკის კონტექსტი მეორეხარისხოვანია და მთავარი პრობლემებია: გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პოლიციის დაუსჯელობა, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა და ივანიშვილის ოჯახის მხრიდან წამოსული სიგნალი, რომელსაც შემდეგ მთელი ხელისუფლება აჰყვა.
საზოგადოების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბრით ხელისუფლება ამ მთავარი პრობლემების მიჩქმალვას ცდილობს. ასევე გამოითქმით ვარაუდი, რომ ვიცე-პრემიერ კალაძის მიერ გაკეთებული ვიდეომიმართვა წინასაარჩევნო სვლაა (კახი კალაძე, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” კანდიდატი იქნება თბილისის მერის პოსტზე. თვითმართველობის არჩევნები საქართველოში შემოდგომაზეა_JAMnews) .