სომხეთში ერთ-ერთი პოპულარული გამოცემის Yerevan Today-ის რედაქცია გაჩხრიკეს
საგამოძიებო კომიტეტის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავრი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერნეტ-რესურსის „YerevanToday“-ს რედაქციაში ჩხრეკა ჩატარეს.
უწყების პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ ჩხრეკა უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ეროვნული უშიშროების სამსახურისა და საგანგებო საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნების საუბრების ფარული ჩანაწერების ფაქტზეა აღძრული.
მაღალჩინოსანთა ფარულად ჩაწერილი საუბრის აიუდიოვერსია ინტერნეტში 12 სექტემბერს გაჩნდა. მასში ჩინოვნიკები განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანს ეხება.
აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე, საგანგენგებო განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისი თქმით, ის ვინც, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსანთა ტელეფონებს ფარულად ისმენს, სამშობლოს მოღალატეა და მოითხოვა, რომ სასწრაფოდ დადგინდეს, თუ ვინ არის ამ ჩანაწერების გაკეთების ორგანიზატორი.
გამოცემა „YerevanToday“-იმ უკვე გაავრცელა განცხადება ჩხრეკასთან დაკავშირებით:
„ჩხრეკა იმის საფუძველზე ტარდება, რომ ამ თითქოსდა Yerevan Today-იმ მაღალჩინოსანთა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სხვა მედიებზე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა. ამგვარი მტკიცებულებისას სამართალდამცავები Google-ში ძიების შედეგებს ეყრდნობიან. არადა, „Yerevan Today“-მ საუბრის ჩანაწერი იმავე საათებში გამოქვეყნდა, როდესაც დანარჩენმა სომხურმა მედიარესურსებმა.
აშკარაა, რომ ეს Google-ის საძიებო სისტემის პრობლემაა. ექსპერტებმა უკვე აღნიშნეს, რომ Google-ის სისტემაში შეფერხებები წარმოიშვა“.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე ტარდება.
სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ გამოცემა “YerevanToday“ -მ საუბრის ჩანაწერი უფრო ადრე გამოაქვეყნა, ვიდრე მას ქსელში გამოაქვეყნებდა უცნობი მომხმარებელი, რომელსაც ახლა სპეცსამსახურები ეძებენ.
მომხმარებლებმა ამავდროულად გამოაქვეყნეს Google-ის ქეშირებული გვერდები, სადაც პუბლიკაციის გამოქვეყნების თარიღი ჩანს.
„YerevanToday“ -ს რედაქცია ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.
ამავდროულად სომხური მედია-საშუალებები იუწყებიან, რომ გამოცემა „YerevanToday“ სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანს ეკუთვნის. და ამის დასადასტურებლად ის ფაქტი მოჰყავთ, რომ თავისი ბოლო ინტერვიუ მან სწორედ ამ რესურსს მისცა. თავად კოჩარიანი ამ ინფორმაციას უარყოფს.