სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს 2008 წლის გამოსვლების ჩახშობის გამო ბრალი წაუყენეს
სომხეთის ექს-პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს დააპატიმრებენ. ქალაქ ერევნის პირველი ინსტანციის სასამართლოში ამის თაობაზე შუამდგომლობა უკვე გაგზავნილია. ეს ყველაფერი კი „2008 წლის 1მარტის“ საქმის გამო, კოჩარიანის დაკითხვის შემდეგ მოხდა.
2008 წელს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ქუჩაში პროტესტი დაიწყო. ამ არჩევნებში მონაწილე სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ ეთანხმებოდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევით ჩატარდა და თავისი მომხრეები ქუჩაში გამოიყვანა.
1 მარტს, დილით, პოლიციამ დემონსტრანტების შეკრების მთავარი ადგილი – თავისუფლების მოედანი გაწმინდა. საღამოს პოლიციელებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის ახალი შეტაკებები მოხდა. იმ მომენტისთვის მოქმედი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი იყო და მან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – ქალაქში ჯარი და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. დემონსტრაციის დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა. ათი წლის განმავლობაში 1 მარტის საქმე არ გახსნილა.
“2008 წლის 1-2 მარტის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული „მტკიცებულებების შეჯერების შედეგად“, 26 ივლისს სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს, „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ მუხლით, ბრალი წარუდგინეს. იმავე დღეს სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებად მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა შევიდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადრე ამ საქმესთან კავშირში მყოფ სომხეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მიკაელ არუთიუნიანს წარედგინა ბრალდება. იმავე მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში – „საკონსტიტუციო წყობის დამხობისთვის“ – მასზე ძებნა გამოცხადდა.