სომხეთის ეროვნული გალერეა სახელმწიფოსგან დროებით გაცემული ასობით ექსპონატის უკან დაბრუნებას მოითხოვს
სომხეთის ეროვნული გალერეა მოითხოვს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა უკან დააბრუნონ ასობით ფასეული ტილო, რომლებიც მათ მუზეუმიდან დროებით გადაეცათ. გალერეის ხელმძღვანელი არმან ცატურიანი ირწმუნება, რომ სურათებს უკანონოდ იტოვებენ.
26 ხელშეკრულებას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებისთვის ნახატების გადაცემასთან დაკავშირებით ვადა ამოეწურა.
„სურათები მაქსიმუმ 3 წლით გადაიცემა. არსებობს ხელშეკრულებები, რომელთა მოაქმედების ვადა, დიდი ხანია, ამოიწურა და კულტურის სამინისტროს მათი დაბრუნება დიდ ხნის წინათ უნდა მოეთხოვა“, – განაცხადა ეროვნული გალერეის დირექტორმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით არმენ ცატურიანს არაერთხელ მიუმართავს კულტურის ყოფილი მინისტრისთვის, მაგრამ ნახატები გალერეაში არ დააბრუნეს.
დირექტორის თხოვნას მხოლოდ კულტურის ახლანდელი მინისტრი ლილიტ მაკუნცი გამოეხმაურა. მან უკვე დააბრუნა ის სურათები, რომლებიც კულტურის სამინისტროში ჰქონდათ, და შესაბამისი მოწოდებით მიმართა სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებსაც. სამინიტროს განცხადებაში ნათქვამია: ტილოები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საკითხის გადაჭრით სამართალდამცავი ორგანოები დაკავდებიან.
ჯერჯერობით ამ მოწოდებას მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და გენერალური პროკურატურა გამოეხმაურა.
სხვათა შორის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ეროვნული გალერეიდან წაღებული ყველაზე მეტი ნახატი იყო. აქ 94 ტილო ჰქონდათ. ხოლო გალერეის ყველაზე ფასეული ექსპონატები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, მთავრობის სასახლის შენობასა და პარლამენტშია.
„არსებობს დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, ეს ნახატები შეიძლება, რომ იქ იყოს, მაგრამ თუკი გადაწყდება, რომ ეს ნამუშევრები უკან დაბრუნდეს, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით“, – ამბობს გალერეის დირექტორი.