სასამართლო პროცესი ცხინვალში: იუსტიციის მინისტრი ჟურნალისტის წინააღმდეგ
სამხრეთ ოსეთში, ცნობილ ჟურნალისტს, ადგილობრივი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორს, ირინა ქელეხსაევას ასამართლებენ – წერს „კავკაზსკი უზელი“.
მის წინააღმდეგ სარჩლი იუსტიციის მინისტრმა, ზალინა ლალიევამ შეიტანა, რომელიც ქელეხსაევას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
18 თებერვალს, მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ისევ ვერ გამოიტანეს განაჩენი.
„ახლა, ჩემით საქმით პროკურატურა დაკავდება. მოსამართლემ მინისტრ ლალიევას პირადი სარჩელი ამოიღო და საქმე წინასასამართლო გამოძიებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა. ასე რომ, ჩემი ეპოპეა მხოლოდ იწყება“, – დაწერა ირინა ქელეხსაევამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
თუკი ჟურნალისტს დამნაშავედ მიიჩნევენ, მას 7 ათას ევრომდე ჯარიმა ემუქრება.
ეს ისტორია 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაშინ, ცხინვალის ციხის პატიმრებმა დაკავების არაადამიანურ პირობებზე დაიჩივლეს. პარლამენტის დეპუტატების ჩარევის შემდეგ, პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ საჩივრის დამწერ ექვს ადამიანს ციხეში სასტიკად სცემეს.
•შეიძლება თუ არა პატიმრების ცემა? ცხინვალის გამოცდილება
ქელეხსაევას სტატიაში ეწერა, რომ ცემას იუსტიციის მინისტრი ლალიევაც ესწრებოდა. მან კი საპასუხოდ სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირინა ქელეხსაევა საკუთარი სტატიის გამო, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის.
ორი წლის წინ, მასზე შეტევის მიზეზი, სამხრეთ ოსეთის კომუნიკაციების ყოფილი მინისტრის, გიორგი კაბისოვის საქმე გახდა. მან იმ ფულის თაღლითურად მითვისების სქემა გამოავლინა, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტში, რუსული ტელეარხების ტრანსლირებისთვის უნდა შესულიყო.
კაბისოვი დააპატიმრეს და ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით ციხეში გაუშვეს.
•სამხრეთ ოსეთში ყოფილ მინისტრს იარაღის შენახვაში ადანაშაულებენ
ირინა ქელეხსაევამ კაბისოვის საქმეზე დაწერა და თავად აღმოჩნდა განსასჯელის როლში.
სამხრეთ ოსეთში, Facebook-ში, კაბოსოვის მხარდამჭერი ჯგუფი შექმნეს და იქ ახლა ირინა ქელეხსაევას მხარდამჭერი კამპანიაც მიმდინარეობს:
„ვიღაცამ განუკითხაობა დაუშვა, ჟურნალისტმა აღწერა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი (რომელიც ადგილობრივ პარლამენტშიც განიხილებოდა) – და აღმოჩნდა, რომ სწორედ ჟურნალისტი ქელეხსაევაა საქმეზე ბრალდებული… ყველა ხვდება, რომ უბრალოდ ჟურნალისტის გაჩუმებას ცდილობენ. რათა ვერაფერი გაბედოს, რათა ეშინოდეს, რათა ისე იყოს, როგორც ყველა“, – წერია განცხადებაში.