ევროკავშირი რუსეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
რუსეთი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ფართომასშტაბიან, გლობალურ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს, ნათქვამია ევროკავშირის შიდა მოხსენებაში, რომელიც ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის ხელში აღმოჩნდა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კრემლის მომხრე მედია და ინტერნეტტროლები მასობრივად აქვეყნებენ მასალებს, რომლის მიზანიც შექმნილი ვითარების შესახებ მოსახლეობის დეზინფორმირება, ასევე, შიშისა და პანიკის დათესვაა.
გამოვლენილია მსგავსი ფეიკინფორმაციის გავრცელების უკვე ათობით შემთხვევა. მათში დაჟინებით ატარებენ რამდენიმე აზრს:
• „ახალი ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი და მას დასავლეთი იარაღად იყენებს“.
• „დასავლურ მთავრობებს არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ პრობლემას“.
• „რუსეთში, პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით ყველაფერი კარგად არის და არანაირი პანდემია არ არის“.
ფეიკინფორმაცია ერთდროულად რამდენიმე ევროპულ ენაზე ვრცელდება. ეს ყველაფერი ყალბი ანგარიშების გამოყენებით კეთდება.
ადრე, მათი საშუალებით ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია სირიაში მიმდინარე მოვლენებისა და საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის შესახებ.
• მხოლოდ კარგი რუსეთის შესახებ. როგორ ფინანსდება და იმართება პრორუსული მედია საზღვარგარეთ
• რუსეთში საიდუმლო რადიოსადგური 35 წლის განმავლობაში მაუწყებლობს. ვის და რას გადასცემს?
• როგორ მოახერხა კრემლმა 2 ათასი ქართული ვებგვერდის პარალიზება
• კორონავირუსი: გამოცხადდა პანდემია. რას ნიშნავს ეს და რას უნდა ველოდოთ
როგორც Reuters-ი წერს, ევროკავშირმა უარი განაცხადა მოხსენების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კავშირში არიან Google-თან, Facebook-თან, Twitter-სა და Microsoft-თან და მათთან ერთად განიხილავენ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას.
ადრე Facebook-მა განაცხადა, რომ წაშალა ასობით ყალბი ანგარიში, რომლებიც დაკავშირებული იყო სანკტ-პეტერბურგში ე.წ. ტროლების ფაბრიკასთან.
მისი მფლობელი – ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინია. აშშ-ში ის ბრალდებულია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში.