"ახლობელს დაურეკა, პოლონეთიდან ჩამოვედიო": პოლიცია თვითიზოლაციის წესების დამრღვევებს ებრძვის
თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსის ერთ-ერთი მგზავრი პოლიციამ კარანტინში იძულებით გადაიყვანა
იგი მარშრუტკიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს და ბათუმის საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა კაცი თბილისიდან დასავლეთ საქართველოში მიკროავტობუსით მგზავრობდა, გზაში მან ახლობელს დაურეკა და მოუყვა, რომ ოთხი დღის წინ პოლონეთიდან ჩამოვიდა, თვითნებურად დაარღვია შიდაიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა.
ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სამარშრუტო ტაქსიში პანიკა ატყდა.
ერთ-ერთმა მგზავრმა ცხელ ხაზზე დარეკა. ახალგაზრდა კაცი მარშრუტკიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა.
ასეთი შემთხვევები საქართველოში ხშირად ხდება.
სულ, შსს-ს ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაყვანილია 127 ადამიანი. ყველა მათგანმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია.
თვითიზოლაციის წესებს, როგორც წესი, ყველაზე ხშირად რეგიონებში არღვევენ.
ათასობით საქართველოს მოქალაქეა წასული სამუშაოდ ევროპაში – განსაკუთრებით იტალიასა და პოლონეთში. ასევე ბევრია ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი. კორონავირუსის კრიზისის ფონზე ნაწილი საქართველოში დაბრუნდა – უმეტესობა ან კარანტინში მოხვდა ან თვითიზოლაციაში უნდა დარჩენილიყო.
თუმცა, ბევრი ამ წესებს არღვევს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, თვითიზოლაციის დამრღვევი პირების გამოვლენა და იძულებით კარანტინში მოთავსება პოლიციის მთავარ საზრუნავად იქცა ამ ბოლო დღეებში.
როგორც წესი, ეს პროცესი ასე ვითარდება: როდესაც მოქალაქეები ხედავენ, რომ მათი მეზობელი ან ნათესავი, ან ნაცნობი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდა, თავისუფლად დადის საჯარო ადგილებში, ანონიმურად რეკავენ ცხელ ხაზზე. ამის შემდეგ მოდის პოლიცია და პირი უკვე იძულებით გადაყავს საკარანტინო სივრცეში.
თვითიზოლაცია ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ისე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის.
“ფეისბუკზე” დაწყებულია კამპანია ჰეშთეგით #დარჩისახლში. მოქალქებს უხსნიან, რომ მხოლოდ სოციალურ დისტანცირებას და იზოლაციას შეუძლია ვირუსის მასობრივი გავრცელების შეკავება.
ფოტო გაავრცელეს ინფექციური საავადმყოფოს. “ჩვენ ვრჩებით სამსახურში შენთვის. შენ დარჩი სახლში ჩვენთვის,” – მოუწოდებენ ისინი მოქალაქეებს.