ტრაგედია მაგნიტოგორსკში: გაზის გაჟონვა თუ ტერაქტი?
ორმა რუსულმა გამოცემამ – Znak.com-მა და 74.ru-მ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინასაახალწლოდ, რუსულ ქალაქ მაგნიტოგორსკში განვითარებული მოვლენები – საცხოვრებელი სახლისა და სამარშრუტო ტაქსის აფეთქება – შესაძლოა, ტერაქტი ყოფილიყო.
ჟურნალისტები ირიბ მტკიცებულებებს წარმოადგენენ და ხელისუფლებისგან მის უარყოფას ითხოვენ. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური უწყებები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი დანგრეული სახლის ადგილას არ აღმოუჩენიათ, კითხვებზე პასუხს კი არ იძლევიან.
• ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ბიოლოგიური იარაღის და იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ ისაუბრა
• რატომ გამოუცხადა აშშ-მ ეკონომიკური ომი ირანს და თურქეთს
• ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში – რუსები და ჩასული გულშემატკივრები
31 დეკემბერს, დილით, მაგნიტოგორსკში, მარქსის პროსპექტზე, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – ხელისუფლების მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ 39 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება მომხდარს საყოფაცხოვრებო ბუნებრივი აირის აფეთქებით ხსნის.
ამ კატასტროფიდან ერთი დღის შემდეგ, პირველი იანვრის საღამოს, მაგნიტოგორსკში ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა სამარშრუტო ტაქსი – დაიღუპა სამი ადამიანი. თვითმხილველებმა სროლის ხმა გაიგონეს, თუმცა, ოფიციალურად ამბობენ, რომ გაზის ბალონები აფეთქდა, რომელსაც ავტომობილი საწვავად მოიხმარდა.
იმავე საღამოს, მაგნიტოგორსკში, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, მეზობელი, ლენინის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს.
Znak.com-მა და 74.ru-მ პრაქტიკულად მაშინვე დაწერეს, რომ საცხოვრებელი სახლის აფეთქება ტერაქტი იყო, სამარშრუტო ტაქსის აფეთქება კი – ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილების ლიკვიდაცია. მეზობელ ქუჩაზე ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით Znak.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ მეოთხე პიროვნებას ეძებდნენ.
გამოცემა Meduza-მ Znak.com-ის მთავარ რედაქტორთან, დმიტრი კოლეზევთან დააზუსტა, თუ რა კითხვებზე ელის პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან.
აი, რა თქმა მან:
• გამოცემას რეპორტიორების ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელთაც ძალიან კარგი წყაროები ჰყავთ სამართალდამცავ ორგანოებში. ამჯერად ისე გამოვიდა, რომ ოპერატიულ საგამოძიებო ჯგუფში ერთბაშად რამდენიმე ასეთი წყარო აღმოჩნდა. ჟურნალისტებს შეეძლოთ ინფორმაცია სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაციის გზით გადაემოწმებინათ. და ის წყაროები, რომლებსაც უკვე ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნიათ, ტერაქტზე საუბრობდნენ.
• მაგნიტოგორსკში სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან ძალიან ბევრი გამომძიებელი და ექსპერტი ჩავიდა, რაც არ არის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ბუნებრივი აირის აფეთქებისას.
• განგაშს იწვევს ძალოვნების მიერ ინფორმაციის დახურვა. როგორც წესი, როდესაც ასეთი ტრაგედიები ხდება, ხელისუფლება საკმაოდ აქტიურად ჰყვება იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ, რა ექსპერტიზები ტარდება, მომხდარის რა ვერსიები არსებობს და როგორ მუშაობენ. თუმცა, ამჯერად საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ არის.
• სამარშრუტო ტაქსისთან დაკავშირებულ ისტორიაში ჟურნალისტები მხოლოდ ძალოვან უწყებებში არსებული წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნენ. მათ კი განაცხადეს, რომ აღნიშნულ ავტომობილში იმ ადამიანების სიმ-ბარათები დააფიქსირეს, რომლებიც ტერაქტის მოწყობაში იყვნენ ეჭვმიტანილები. თავდაპირველად სამარშრუტო ტაქსის შეჩერებას შეეცადნენ, მაგრამ იქიდან ცეცხლი გახსნეს. ამის შემდეგ ავტომობილში მყოფი ყველა ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა.
დმიტრი კოლეზევი: „მე, როგორც ჟურნალისტი, მზად ვარ მივიღო ნებისმიერი ვერსია, რომელიც მაქსიმალური ინფორმაციით იქნება განმტკიცებული. ახლა ჩვენ არაფერი ვიცით.
რომელ ბინაში აფეთქდა ბუნებრივი აირი? ვინ ცხოვრობდა ამ ბინაში? ვინ დაიღუპა სამარშრუტო ტაქსიში? რა ოპერაცია ტარდებოდა 2 იანვრის ღამეს, ლენინის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში?
თუკი ისინი წარმოგვიდგენენ ინფორმაციას, გვაჩვენებენ დოკუმენტებს, ფოტოსურათებს, ვიდეოჩანაწერებს და ეს ყველაფერი საერთო სურათში ჩაჯდება, დავუშვებთ, რომ მოვლენათა წარმოუდგენელ თანხვედრასთან გვაქვს საქმე – ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიტყვით: კარგი, ჩვენ შევცდით, წყაროები შეცდნენ“.
დმიტრი კოლეზევმა თქვა, რომ ჯერჯერობით მისთვის ცოტა არგუმენტია ცნობილი, რომელიც ტერაქტის ვერსიას უარყოფს. ერთ-ერთი მათგანია ის, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არცერთმა დაჯგუფებამ არ აიღო.