აგვისტოს დასაწყისიდან აშშ-მ ირანის, რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. JAMnews-ი სანქციების დეტალებსა და მიზეზებს მიმოიხილავს" />

რატომ გამოუცხადა აშშ-მ ეკონომიკური ომი ირანს და თურქეთს

აგვისტოს დასაწყისიდან აშშ-მ ირანის, რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. JAMnews-ი სანქციების დეტალებსა და მიზეზებს მიმოიხილავს

ფოტო გადაღებულია ჰელსკინკიში, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას. 15 ივნისი, 2018. REUTERS/ გრიგორი დუკორი

2018 წლის ზაფხულიდან რუსეთი, თურქეთი და ირანი აშშ-ს მხრიდან ეკონომიკური სანქციების განსაკუთრებულ სამიზნეებად იქცნენ. რატომ მოხდა ასე და არის სანქციების არსი?  

ირანი

2015 წელს მთელი დასავლური სამყარო ზეიმობდა ირანთან მრავალწლიანი კრიზისის დასასრულს და გრძელვადიანი საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერას. გავიდა მხოლოდ სამი წელი და კრიზისი ხელახალი ძალით შემობრუნდა – 2018 წლის აგვისტოში აშშ-მ ცალმხრივად დატოვა შეთანხმება და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.  

რატომ გაჩნდა კრიზისი და რატომ შემოიღეს ირანის წინააღმდეგ სანქციები

კრიზისის მიზეზი გახდა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა ყოფილიყო. ასევე, ირანის ხელისუფლების ანტიამერიკული რიტორიკა.

სანქციები აშშ-მ ჯერ კიდევ 1979 წელს დააწესა – მაშინ ამერიკის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს და კომპანიებს ირანთან თანამშრომლობა აუკრძალა.

მაგრამ 1996 წელს აშშ-მ აკრძალვა გააფართოვა და მასში ევროპული კომპანიებიც ჩართო.

რატომ გაუქმდა სანქციები და რა შედეგები მოიტანა ამ გადაწყვეტილებამ  

2000-იან წლებში აშშ-მ, ევროპამ და ჩინეთმა ირანთან დაიწყეს მოლაპარაკებები, რომელიც ათ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა და 2005 წელს ერთობლივი და ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის მიღებით დასრულდა. ამ გეგმას ხელი მოაწერეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, გერმანიამ და ირანმა.

მისი მიზანი იყო, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა, რის სანაცვლოდაც, სხვა ქვეყნები სანქციების გაუქმების პასუხისმგებლობას იღებდნენ.

სანქციების გაუქმებით მიღწეული შედეგები ასე გამოიყურება: 

  • ირანმა თანდათან გაზარდა ნავთობის მოპოვება და მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდა (თუმცა, ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ამან მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე განსაკუთრებულად ასახვა ვერ მოასწრო)
  • ირანში დაიწყო ინვესტიციების შესვლა, განსაკუთრებით კი, ევროპული ინვესტიციების.
  • ირანის ბირთვული პროგრამა გაიყინა.

რატომ დატოვა აშშ-მ შეთანხმება და რატომ განაახლა ირანის წინააღმდეგ სანქციები

ჯერ კიდევ  წინასაარჩევნო კამპანიის დროს, 2016 წელს ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის მხრიდან ირანის გარიგებაში მონაწილეობის თაობაზე მუდმივად უარყოფით აზრს გამოხატავდა. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ირანი გარიგების საკუთარ ნაწილს არ ასრულებდა, და მას არაერთხელ განუცხადებია, რომ  ეს აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი გარიგება იყო.

ის, რომ აშშ ბირთვულ გარიგებას დატოვებდა, ამის შესახებ ტრამპმა ოფიციალურად 2018 წლის 8 მაისს განაცხადა, ამ მომენტიდან  ირანული ვალუტის – რიალის ვარდნა დაიწყო. ტემპი, რომლითაც ის უფასურდება, ექსპერტების აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ ირანი უაღრესად არასტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება და ქვეყანას ღრმა ეკონომიკური კრიზისი ემუქრება.

თუკი ერთი კვირის წინათ დოლარი 90 ათასი რიალი ღირდა, ამჟამად ამ ციფრმა 117 ათას რიალს მიაღწია.

1-ლი აგვისტოს დაპირება რეალობად იქცა – აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები ამერიკის კომპანიებს ირანთან ოქროთი, ალუმინით, ნახშირით და მთელი რიგი სხვა საქონლით ვაჭრობას უკრძალავს. აშშ ასევე გეგმავს, რომ დოლარში ირანის სავალუტო ოპერაციები  შეზღუდოს, რაც რიალზე ზეწოლას მოახდენს.

ევროპამ და დიდმა ბრიტანეთმა ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ 2015 წელს ხელმოწერილი ყოვლის მომცველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გააგრძელებენ მუშაობას.

ამავდროულად, აშშ-ს უკვე მზად აქვს სანქციების მეორე პაკეტი, რომელიც 2018 წლის 4 ნოემბერს შევა ძალაში – თუკი ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებზე უარს იტყვის. ეს პაკეტი, ბევრი ექსპერტის აზრით, გაცილებით უფრო მტკივნეული აღმოჩნდება, რადგან მასში ირანული ნავთობის იმპორტის შეზღუდვა მოიაზრება.

„ტრამპი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მოკავშირეების გაერთიანებას ცდილობს, და ხვდება, რომ საამისოდ ერთადერთი კომპონენტი –  ირანისადმი მათი ერთობლივი, ნეგატიური დამოკიდებულებაა“, – მიაჩნია BBC -ის კორესპონდენტი ჯონათან მარკუსს.

ირანში, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების ფონზე, უმუშევრობა მატულობს, იგრძნობა წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობა, იზრდება ინფლაცია. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტები მასობრივ ხასიათს იღებს.

თუმცა, ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამერიკული სანქციების განახლება არათუ ვერ შეარყევს ირანის პრეზიდენტის, როუჰანის პოზიციებს, არამედ პირიქით – გაამყარებს.

„აშშ-ს მოქმედებები ირანელებს უბიძგებს, მზარდი საგარეო საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ”, – მიაჩნია CNN-ის კორესპონდენტ ჯონ დეფტერიოსს.

რუსეთი

ირანისთვის სანქციების განახლების მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

რატომ დაწესდა სანქციები?

ამერიკის ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას დიდ ბრიტანეთში მოწამვლის უკან რუსეთი იდგა.

მარტში მომხდარი სკრიპალების მოწამვლა უკვე გახდა რუსეთის ევროპასთან, აშშ-სთან, კანადასთან და პირველ რიგში დიდ ბრიტანეთთან ურთერთობის გაუარესების მიზეზი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავრობამ საერთაშორისო სამართლის დარღვევით „ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა“.

როგორ იმოქმედებს სანქციები

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ასევე ორ ეტაპად აპირებენ; უახლოეს ორ კვირაში ძალაში შევა ამერიკული კომპანიებისთვის რუსეთთან ნებისმიერი იმ პროდუქციით ვაჭრობის აკრძალვა, რაც შესაძლოა, სამხედრო მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.

სამ თვეში, თუკი ამერიკის ხელისუფლება არ მიიღებს იმის გარანტიას, რომ რუსეთი მეტად აღარ გამოიყენებს ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს – ახალი სანქციები დაწესდება. ეს შეიძლება იყოს ამერიკული ბანკებისთვის ნებისმიერ რუსულ კომპანიაზე სეხის გაცემის აკრძალვა, რუსეთიდან აშშ-ში ნებისმიერი იმპორტის შეწყვეტა, რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტისთვის“ამერიკაში ფრენების შეჩერება და მთელი რიგი სხვა ზომები.

სანქციების პირველი შედეგები

ცხრა აგვისტოს, აშშ-ს ახალი სანქციების შემდეგ, რუსულმა რუბლმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, დოლართან და ევროსთან მიმართებაში, თავის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ბევრი რუსული კომპანიის აქციების ფასი ასევე დაეცა. კერძოდ, „აეროფლოტის“ აქციები რვა პროცენტით გაიაფდა.  

თურქეთი

აშშ-მ თურქეთის იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დააწესა სანქციები – აბდულაჰმიტ გიულისა და სულეიმან სოილუს ყველა ამერიკული აქტივი და ანგარიში გაყინულია.

რატომ დაწესდა სანქციები?

სანქციები დაწესებულია თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით. თურქეთის ხელისუფლება მას ბრალს სდებს ფეთულაჰ გიულენთან თანამშრომლობაში, რომელიც, მათი აზრით, ორი წლის წინათ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი იყო. ბრანსონი ციხეში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფება.

რატომ გაუარესდა ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის

ბოლო წლებში ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთერთობა რამდენიმე მიზეზით გაუარესდა. თურქეთი უკმაყოფილოა, რომ აშშ მათთვის გიულენის გადაცემაზე უარს აცხადებს, ასევე – სირიაში ამერიკული მხარის ქურთ მეამბოხეებთან თანამშრომლობით. ამერიკის ხელისუფლება, თავის მხრივ, აღშფოთებულია პასტორი ბრანსონის პატიმრობაში ყოფნით.

სანქციების დაწესების შედეგები

ამერიკული სანქციების დაწესებამ გავლენა მოახდინა თურქული ვალუტის – ლირის კურსზე. ის ისტორიულ ვარდნას განიცდის და 10 აგვისტოსთვის ერთი დოლარი უკვე 6 ლირას უდრიდა, როდესაც ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ – ოთხი ლირა ღირდა.  პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა ლირის ვარდნასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ნუ დაგავიწყდებათ, მათ დოლარები აქვთ, მაგრამ ჩვენთან ჩვენი ხალხია, და ჩვენი ღმერთი“.

ირანის მსგავსად, თურქეთში ამერიკული სანქციების დაწესებასაც საზოგადოებრივი აზრის ორად გაყოფა მოჰყვა. The New York Times-ის ცნობით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ამ საკითხში პრეზიდენტ ერდოღანს უჭერს მხარს.  

თურქეთის მედია, სოციალური ქსელები და ქალაქების ქუჩები ანტიამერიკული რიტორიკით არის მოცული, რაც პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რასაკვირველია, ერდოღანს აძლევს ხელს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ